ახალი ამბების სააგენტო "Associated Press"-თან ინტერვიუში, 2022 წლის 5 მაისს, ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ საკუთარი თავის, როგორც მშვიდობისმყოფელის წარმოჩენა სცადა და თქვა, რომ მან ყველაფერი გააკეთა უკრაინაში ომის თავიდან ასაცილებლად.
„ჩვენ კატეგორიულად არ ვეხმრობით არცერთ ომს. ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ ახლაც, რომ ომი არ იყოს“,- უთხრა ლუკაშენკომ "Associated Press"-ს.
ლუკაშენკოს ეს განცხადება მცდარია.
სინამდვილეში, დაზვერვისა და მედიის ცნობები მიუთითებს იმაზე, რომ ლუკაშენკომ იცოდა და მიესალმებოდა რუსეთის გეგმას უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შესახებ.
ფაქტები აჩვენებს, რომ ლუკაშენკომ ყველაფერი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დასახმარებლად, უკრაინაში ომის დასაწყებად.
ჯერ კიდევ 24 თებერვალს რუსეთის შეჭრის დაწყებამდე, ლუკაშენკომ შეცვალა ბელორუსის კონსტიტუცია, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ჯარებისა და ბირთვული იარაღის მუდმივი განლაგება. ლუკაშენკოს ამ გადაწყვეტილებამ მაშინ ევროპული და ამერიკული სანქციები გამოიწვია.
ლუკაშენკომ, რუსულ ჯარს უფლება მისცა ბელარუსი სატრანზიტო ჰაბად გამოეყენებინა 30,000-ზემეტი სამხედროსთვის, ასევე სამხედრო შეიარაღებისთვისაც. მათ შორის, ტანკების, ისკანდერებისა და S-400-ის ტიპის რაკეტებისთვის. სხვადასხვა ექსპერტის შეფასებით, ბელარუსი რუსეთს ლოჯისტიკური მიმართულებითაც დაეხმარა.
გარდა ამისა, უკრაინაში ომის დაწყებამდე, ბელარუსი სამხედროები რუს სამხედროებთან ერთობლივ წვრთნებში იღებდნენ მონაწილეობას.
ბელარუსმა, 4 მაისს, დამატებით საბრძოლო მზადყოფნის წვრთნები გამოცხადება. ამან გააჩინა ეჭვები, რომ შესაძლოა, ქვეყანა რუსეთის ჯარს შეუერთდეს, უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა, ამ დრომდე ეს არ დასტურდება.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პირველივე დღიდან, ლუკაშენკო უფლებას აძლევდა რუსებს, ბელარუსის ტერიტორიიდან ასობით რაკეტა გაეშვათ, რამაც ათასობით სამოქალაქო პირის დაშავება, სიკვდილი და ქალაქების განადგურება გამოიწვია.
პირველს მარტს, ფართოდ გავრცელდა ბელარუსის ტელევიზიით გასული კადრების ნაწილი, სადაც ჩანს, როგორ აჩვენებს ლუკაშენკო, ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული, უკრაინისთვის დამიზნებული, რუსული რაკეტების ადგილსამყოფელს. მან აღიარა, რომ რუსეთის გეგმების შესახებ წინასწარ იცოდა. „მადლობა მინდა ვუთხრა ამ ბიჭებს, მათ გაგვაფრთხილეს, პირდაპირი გაგებით 6 საათით იმაზე ადრე, ვიდრე რაკეტები გაუშვეს...“, - თქვა მან.
ამერიკის სადაზვერვო სამსახურების გათვლების მიხედვით, ომის პირველ 2 კვირაში, რუსეთმა ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის წინააღმდეგ 670 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა.
აპრილის შუა რიცხვებში, ბელარუსის ტერიტორიიდან გაშვებულმა სამმა რუსულმა რაკეტამ თითქმის „ატომური კატასტროფა“ გამოიწვია, ამბობს ბელარუსული უფლებების დამცველი ჯგუფი „ქარტია 97“. მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მოყვანილი იყო „ენერგოატომის“- უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ოპერატორის შეფასება, სადაც ნათქვამია, რომ რისკი ეს რაკეტები მოხვედროდა მიკოლაევის ატომურ რეაქტორს, ძალიან „მაღალი“ იყო.
სხვადასხვა გამოკითხვის მიხედვით, ბელარუსების უმეტესობა ეწინააღმდეგება რუსეთის მხარდაჭერას ამ ომში. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანუსკაია ომის საწინააღმდეგო მესიჯების გავრცელებას ლიეტუვადან ცდილობს. 2020 წლის არჩევნების შემდეგ დაწყებული რეპრესიების გამო, ციხნაუსკაია იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.
ლუკაშენკომ „დაუშვა, რომ ჩვენი მიწები პუტინისთვის ავიამზიდად გამოეყენებინათ“, თქვა ციხანუსკაიამ ვაშინგტონში ვიზიტისას.
გარდა ოპოზიციის წინააღმდეგობისა, ბელარუსები სამხედრო ძალითაც ებრძვიან რუსეთს. ბელარუსების ნაწილმა ბატალიონი შექმნა, რომელიც უკრაინასთან ერთად იბრძვის, რუსეთის წინააღმდეგ.