ბიტკოინის მსგავს ახალ გლობალურ კრიპტოვალუტას "ლიბრა" ერქმევა. ციფრული ფულის ერთეულის შემოღების ამბიციური გეგმის შესახებ კომპანია "ფეისბუქმა" განცხადება დღეს გაავრცელა. "ლიბრა" ხმარებაში მომდევნო 6 თვიდან 1 წლამდე ვადაში შემოვა.
"ფეისბუქის" პარტნიორები ამ საქმეში იქნება რამდენიმე ცნობილი კომპანია. მათ შორის სახელდება: "ფეიფალი", "უბერი", "სპოტიფაი", "ვიზა" და "მასტერკარდი".
კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ "ლიბრა" ქვეყნებს შორის გადარიცხვებს გააიოლებს და საერთაშორისო მომსახურებას გააიაფებს. ონლაინ-ვაჭრობაზე ხელმისაწვდომობა იმ ადამიანებისთვისაც გაიზრდება, ვისაც საბანკო ანგარიშები და საკრედიტო ბარათები არ აქვს.
მსოფლიოს ყველაზე დიდი სოციალური ქსელის კლიენტურა დღეს 2 მილიარდს აჭარბებს. "ფეისბუქი" აცხადებს, რომ ახალი კრიპტოვალუტის მოხმარება შეეძლება ყველას, ვისაც ექნება "ფეისბუქის", "მესენჯერის", "უოტსაფის" ან თავად "ლიბრის" აპლიკაცია.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ახალი გლობალური ფულის ერთეულის შემოღება დააფრთხობს ბანკებს და სხვადასხვა ეროვნულ ვალუტას. მოსალოდნელია, რომ ეს ფაქტი კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ დააყენებს პირადი ინფორმაციის დაცვის საქმეს.
ინიციატივის დანერგვა შესაძლოა გაართულოს იმ ფაქტმაც, რომ "ფეისბუის" საქმეს ამ ეტაპზე შეერთებული შტატების ფედერალური გამოძიება სწავლობს. კომპანიას ამერიკის კონგრესში კიდევ ერთი ახალი გამოძიება ელის.
Facebook Forum