კრემლის მიერ უკრაინის დამატებით 4 რეგიონის უკანონო ანექსიის მცდელობის გამო, ევროპის ქვეყნები მოსკოვზე დიპლომატიურ ზეწოლას აძლიერებენ. უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ე.წ. რეფერენდუმები დასავლეთში თვალთმაქცობად და არალეგალურ ქმედებად აღიქმება.
ლიეტუვამ გასულ კვირაში, უკრაინის 4 რეგიონში ჩატარებული "რეფერენდუმების" შემდეგ, 3 ოქტომბერს თქვა, რომ ქვეყანში რუსეთის დესპანს „პერსონა ნონ გრატად“ აცხადებს.
კრემლზე დიპლომატიური ზეწოლა ევროპის სხვა ქვეყნებშიც იზრდება. 3 ოქტომბერს, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა, რომ რუსეთის ელჩი დაბარებულია „რეფერენდუმების, და შემდგომ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების „უკანონო ანექსიის გამოცხადების, უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და გაეროს ქარტიის უხეში დარღვევის“ თაობაზე უმკაცრესი დაგმობის გამოსახატად“.
3 ოქტომბერს, ვარშავაში, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ TVN24-ს უთხრა, რომ რუსეთის ელჩი „გასულ კვირაში რუსეთის ქმედებებზე“ მსჯელობისთვის დაიბარეს.
ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 ოქტომბერს გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც რუსეთში ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის „უსაფრთხოების გაუარესების“ გამო, ჩეხეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთი რაც შეიძლება მალე დატოვონ.
პუტინის მიერ 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბევრმა პირმა, განსაკუთრებით მამაკაცებმა შუა აზიიდან, სამხედრო გაწვევის უწყებები მიიღეს.
ათობით ათასი რუსი მამაკაცი კი ქვეყნიდან გაიქცა, რათა უკრაინაში ბრძოლისთვის თავი აერიდებინა.