ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პესკოვი ე.წ. რეფერენდუმებზე: სამართლებრივი სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება


რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმი დასრულდა. ოთხი ოკუპირებული რეგიონის პირველადი მონაცემებით, ამომრჩეველთა 96% რუსეთთან მიერთების მომხრეა. 27 სექტემბერი ბოლო დღე იყო, როცა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მოქალაქეებს ე.წ. რეფერენდუმზე ხმის მიცემა შეეძლოთ. დასავლეთი ამ რეფერენდუმს არალეგიტიმურად მიიჩნევს და ლიდერები ამბობენ, რომ რუსეთს სურს, ეს ყალბი კენჭისყრა მეზობელი ქვეყნის სუვერენული ტერიტორიების მიერთების საბაბად გამოიყენოს და ამით მათი ანექსია მოახდინოს.

ომის პარალელურად კრემლსა და დასავლეთს შორის რეფერენდუმის თემა ერთ-ერთ კიდევ უფრო მწვავე საკითხად იქცა. რუსეთი კი "საკუთარი ტერიტორიის დასაცავად" კვლავ ბირთვული იარაღის გამოყენების "საჭიროებაზე" საუბრობს. უკრაინისგან მიტაცებული ტერიტორიების ფორმალური ანექსია შესაძლოა პარასკევსაც კი მოხდეს და 7-თვიანი ომის დროს ერთ-ერთ ახალ, საშიშ ფაზადაც იქცეს.

ე.წ. რეფერენდუმისას კენჭისყრა 5 დღის განმავლობაში 4 ტერიტორიაზე გრძელდებოდა, დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპორიჟიისა და ხერსონის რეგიონებში - ეს უკრაინის სრული ტერიტორიის თითქმის 15%-ია. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილობრივი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს საარჩევნო ყუთი უბან-უბან დაჰქონდათ. კიევი მოქალაქეთა იძულებაზეც საუბრობს.

კრემლის პრეს-სპიკერი ამბობს, რომ კენჭისყრის შემდეგ "სამართლებრივი, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება, ამას მოჰყვება შესაბამისი შედეგები ამ ტერიტორიების დასაცავად და მათი უსაფრთხოების უზრუველსაყოფად".

ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების პარალელურად მოსკოვმა ნაწილობირვი სამხედრო მობილიზაციაც გამოახადა, რაც კიევის შეფასებით, კონტრშეტევის ფარგლებში განცდილი მარცხის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება და შემდგომი ნაბიჯებია.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კეტრინ კოლონამ, რომელიც სამშაბათს კიევში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ პარიზი უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერას განაგრძობს.

ე.წ. რეფერენდუმის პარალელურად დმიტრი მედვედევმა, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ბირთვული მუქარა უკვე შეუფარავად გააჟღერა.

"მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთი იძულებული გახდა გამოეყენებინა ყველაზე ძლიერი იარაღი უკრაინის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც ჩაიდინა აგრესიის ფართომასშტაბიანი აქტი, რომელიც ემუქრება ჩვენი სახელმწიფოს არსებობას. მე მჯერა, რომ ნატო თავს შეიკავებს ამ შემთხვევაში კონფლიქტში პირდაპირი ჩარევისგან".

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განმარტა, რომ კრემლის ბირთვული მუქარა მხოლოდ შეშინების ტაქტიკაა. უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა გასული კვირის მსგავს განცხადებებზე პასუხად თქვა, რომ თუკი მოსკოვი ამ გზას აირჩევს, მას უდიდესი საფასურის გადახდა მოუწევს.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კი წინსვლასთან ერთად, დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალი მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს. გაეროს სპეციალური საგამოძიებო კომისია ამბობს, რომ ქვეყანაში ომის დანაშაულებია ჩადენილი. კიევი ამტკიცებს, რომ ცხედრებს წამების კვალი აღენიშნებათ.

XS
SM
MD
LG