ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაიზრდება თუ არა ევროზონის საგანგებო ფონდი?


ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის განცხადებით ევროზონის წევრმა 17-მა სახელმწიფომ უნდა გაზარდონ საგანგებო ფონდის დაფინანსება, რათა დროულად მოხდეს რეაგირება ახალი ეკონომიკური კრიზისის შემთხვევაში.

მას შემდეგ რაც საბერძნეთის გაკოტრების თავიდან ასაცილებლად ეკონომიკური დახმარების სახით 130 მილიარდი დოლარი გადაურიცხეს და კიდევ 170 მილიარდი დოლარის ტრანშია დაგეგმილი, ევროპელი ეკონომისტები იმაზე ფიქრობენ, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში მსგავსი პრობლემის წინაშე ესპანეთი, ან იტალია რომ აღმოჩნდნენ.

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ანგელ გურიას განცხადებით 664 მილარდი დოლარი არ არის საკმარისი და საგანგებო ფონდის რაოდენობა 1,3 ტრილიონ დოლარამდე უნდა გაიზარდოს.

გარკვეული პროგრესის მიუხედავად ბატონი გურია ევროზონის ქვეყნებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით: "არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპაში 24 მილიონი უმუშევარია და ახალგაზრდებში უმუშევრობის მაჩვენებელმა ზოგიერთ ქვეყანაში სარეკორდო ზღვარს 50%-ს მიაღწია.“

ეკონომიკის ექსპერტების აზრით ამ გეგმებმა შესაძლოა ევროპის ყველაზე უფრო მდიდარი ქვეყნის გერმანიის უკამაყოფილება გამოიწვიოს. მართალია გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ დაფინანსება კვლავაც გაგრძელდება, მაგრამ ამ ქვეყნის ეკონომიის მინისტრის ფილიპ როსლერის განცხადებით საგანგებო ფონდის რაოდენობა იგივე დარჩება, 664 მილიარდი დოლარი.

ანალიტიკოსების ამ რაოდენობის თანხა არ იქნება საკმარისი ევროზონნის ქვეყნების ეკონომიკური სტაბილობის შესანარჩუნებლად, მაშინ როდესაც ესპანეთის და იტალიის საგარეო ვალი 3 ტრილიონ დოლარს აჭარბებს.

XS
SM
MD
LG