ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ უარყო პოლონეთის და უნგრეთის იურიდიული სარჩელი ბლოკის ახალი ინსტრუმენტის მიმართ, რომელიც საშუალებას იძლევა წევრ სახელმწიფოებს დაფინანსება შეეკვეცოს ან შეუჩერდეს, თუ აღმოჩნდება, რომ ისინი კანონის უზენაესობას არ იცავენ.
ორი ქვეყნის მთავრობებმა ეს ინსტრუმენტი გაასაჩივრეს და ამბობენ, რომ 27 ქვეყნისგან შემდგარ ბლოკს, ასეთი ზომის დასანერგად იურიდიული უფლებამოსილება არ გააჩნია.
მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომ ეს მექანიზმი „გამიზნულია იმისთვის, რომ დაიცვას [ევროკავშირის] ბიუჯეტი იმ შედეგებისგან, რომლებიც კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევის შედეგად დგება“ და ამგვარად, ევროკავშირის შეთანხმებების საფუძველზე ის დაშვებულია.
16 თებერვალს მოსამართლემ განაცხადა, რომ „შუამდგომლობა სასამართლოს სრულმა შემადგენლობამ უარყო“.
ევროკავშირს პოლონეთსა და უნგრეთთან ცხარე კამათი ჰქონდა და ორ ქვეყანას აკრიტიკებდა ისეთი ზომების მიღებისთვის, რომლებიც ქალების, ლგბტ პირების და მიგრანტების უფლებებს ზღუდავდა და სასამართლოს, მედიის, აკადემიური სექტორის და არასამთავრობოების თავისუფლებას ახშობდა.
სასამართლომ განაცხადა, რომ ბლოკში შესვლისას, წევრი სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას პატივი სცენ მის “საერთო ღირებულებებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა და სოლიდარობა“, და ევროკავშირს „ამ ღირებულებების დაცვის უნარი უნდა ჰქონდეს“.
ლუქსემბურგში დაფუძნებულ სასამართლოს განჩინების გასაჩივრება შეუძლებელია.
განჩინება ორივე ქვეყანამ გააკრიტიკა. ბუდაპეშტმა მას „პოლიტიკური გადაწყვეტიოლება“ უწოდა, ვარშავამ კი ის პოლონეთის სუვერენიტეტზე თავდასხმად დაახასიათა.