უნგრეთის მთავრობამ 13 თებერვალს უარყო, რომ წინა დღეს გამართული წინასაარჩევნო კამპანიის დროს, პრემიერმა ვიქტორ ორბანმა ევროკავშირიდან გასვლის შესაძლებლობა გამოთქვა.
პრემიერ-მინისტრის სპიკერი, სოციალურ ქსელ "ტვიტერის" გვერდზე წერს, რომ გერმანულმა გამოცემამ ორბანის სიტყვები არასწორად გაიგო.
“პრემიერ-მინისტრ ორბანს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მინიშნება არ გაუკეთებია. პირიქით, მან თქვა - ჩვენი მხრივ, ჩვენ გვსურს რომ ევროკავშირის ერთიანობა შევინარჩუნოთ. ევროკავშირს მომავალი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ჩვენ შეგვიძლია ერთად დავრჩეთ” - წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის სპიკერი ზოლტან კოვაქსი.
“ორბანი უნგრეთის ევროკავშირიდან გასვლის შესაძლებლობისკენ მიუთითებს” - ამ სათაურით გაავრცელა ახალი ამბავი, 12 თებერვალს, გერმანულმა საინფორმაციო სააგენტომ DPA.
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები სამ აპრილსაა დაგეგმილი. პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო კაპმპანია ტრადიციული ყოველწლიური მიმართვით დაიწყო და სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ევროკავშირი კანონის უზენაესობის ლოზუნგით უნგრეთის წინააღმდეგ „წმინდა ომს, ჯიჰადს“ აწარმოებს.
ორბანმა, ასევე ისაუბრა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ტლოვილების ნაკადის საფრთხეზე და თქვა, რომ უნგრეთის ინტერესშია ის, რომ ომი არ დაიწყოს.
მან ასევე ისაუბრა ევროკავშირის გეგმების წინააღმდეგ, მოსკოვისთვის მკაცრი სანქციების დაწესების შესახებ, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.
"სანქციები, სადამსჯელო პოლიტიკა, ლექციები ან სხვა სახის ქედმაღლობა დიდი სახელმწიფოების მხრიდან გამორიცხულია" - თქვა ორბანმა, რომელსაც ევროკავშირის ნებისმიერ ლიდერთან შედარებით, შესაძლოა ყველაზე ახლო ურთიერთობა აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2014 წელს უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსია მოახდინა, ორბანი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ, თუმცა საბოლოოდ უნგრეთმა მათ მხარი დაუჭირა.
ევროკავშირის ორგანოები და უფლებადამცველი ორგანიზაციები ორბანს, რომელიც უნგრეთს 2010 წლიდან მართავს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.