კვირას ბრიუსელში ევროპის კავშირის 8 ქვეყნის ლიდერი იკრიბება. ისინი ბელგიის დედაქალაქში ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა მიიწვია.
ავსტრიის, ბულგარეთის, იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, მალტის და ესპანეთის ლიდერთა შეხვედრის მიზანია, ერთად განიხილონ საიმიგრაციო კრიზისის დაძლევის გზები და მათ შორის ამ წინააღმდეგობრივ საკითხთან დაკავშირებული უთანხმოებები. მსგავსი კრიზისი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა.
8 ქვეყნის ლიდერი ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ შეიძლება იმიგრანტთა ნაკადის შეჩერება და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში უკვე შესული მიგრანტების ევროპის კავშირის ქვეყნებს შორის გადანაწილება. საუბარია იმიგრანტთა იმ ნაწილზე, ვინც თავშესაფარი უკვე მოითხოვა.
შეხვედრა წინ უსწრებს ევროპის კავშირის ქვეყნების ლიდერთა სამიტს, რომელიც ივნისში, ცოტა მოგვიანებითაა დაგეგმილი. სამიტზე მოელიან, რომ ევროპის ქვეყნები კონტინენტზე ბოლო 3 წლის მანძილზე შესულ მილიონზე მეტ იმიგრანტთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, განსაკუთრებით იმ ლტოლვილებთან მიმართებაში, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნებში ძალადობას გაექცნენ.
Facebook Forum