ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერიკ რუბინი "ქართულ პროექტზე" საუბრობს


ერიკ რუბინი
ერიკ რუბინი

„ამერიკის ხმა" ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს ესაუბრა

„ამერიკის ხმა": გმადლობთ ინტერვიუსთვის, ბატონი ერიკ. როგორ შეაფასებდით საქართველოში არჩევნების წინა პერიოდში გაწეულ დახმარებას და წინა-საარჩევნოდ შექმნილ მდგომარეობას?

ერიკ რუბინი:
„დიდი მადლობა რომ ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირებით შესაძლებლობა მომეცით მესაუბრა. ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების დაწყებისთანავე, ჩვენ ვამბობდით, რომ ქვეყანაში არსებული დემოკრატია ჩვენი პოლიტიკის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი კომპონენტი იქნებოდა. ეს [დემოკრატია] იყო ის, რასაც საქართველოს ლიდერები მიზნად ისახავდნენ.

როდესაც ვახსენებთ „ქართულ პროექტს“ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რას ვგულისხმობთ და რა უნდა იგულისხმებოდეს ამ სიტყვების უკან - ეს არის ქვეყანა, რომელიც აჩვენებს რომ მისი საზოგადოება თავისუფალია, დემოკრატიულად ატარებს არჩევნებს და ადამიანები თვითონვე საზღვრავენ საკუთარ მომავალს. ბოლო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში მართლაც ასეთი იყო. როგორც ეუთოს-მონიტორებმა, და ჩვენმა საელჩომ შეაფასეს - პროცესი მართლაც სამართლიანად წარიმართა, თუმცა არ არსებობს არჩევნები სადაც რაიმე პრობლემა არ ფიქსირდება. და მაინც, ეს იყო ხმის მიცემის ის შემთხვევა, რომლის მომზადებაში საერთაშორისო თანამეგობრობამ დიდი როლი ითამაშა. მათ [საერთაშორისო საზოგადოებამ] მედიას, არასამთავრობო სექტორს კონსულტაციების ხარჯზე დახმარება აღმოუჩინეს, რათა ეს პროცესი უკეთ წარმართულიყო. ჩვენ გვინდა გვჯეროდეს, რომ არჩევნები უკეთ ჩატარდა სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობის გამო, რამაც მთლიანი პროცესი კიდევ უფრო მეტად სანდო და მისაღები გახადა მონაწილე მხარეებისთვის, რომლებმაც აღიარეს მიღებული შედეგები.“

„ამერიკის ხმა": და მაინც, რა პრობლემებზე გაამახვილებთ ყურადღებას წინასაარჩევნოდ, ან რა პოზიტივს გამოყოფდით?

ერიკ რუბინი: „პირველ რიგში, აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი და განმასხვავებელი ასპექტის გამოყოფა შეიძლება: წინასაარჩევნოდ, საქართველოში ძირითადად თავისუფალი მედია მოქმედებდა. იყო განხილვა მასთ-ქერის პრინციპების შესახებ საკაბელო არხებთან დაკავშირებით, რომელსაც წინააღმდეგობის გარეშე არ ჩაუვლია. თუმცა წინასაარჩევნოდ უფრო მეტ ქართველს ჰქონდა წვდომა მრავალმხრივ ტელე, რადიო, ინტერნეტ წყაროებზე. ეს ფაქტორი საქართველოს ნამდვილად განასხვავებს თუ არა ყველა, უმრავლესი მეზობლებისგან რეგიონში. მეორე რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ წინასაარჩევნოდ საქართველოში ხშირად იმართებოდა საჯარო აქციები, შეხვედრები, საპროტესტო მიტინგები, რაც პოლიციისა და ხელისუფლების პირდაპირი ჩარევის გარეშე მიმდინარეობდა, იყო მცირე მასშტაბის პრობლემები, და მთლიანობაში ყველაფერი მშვიდობიან ხასიათს ატარებდა. ეს ფაქტები, ჩემი აზრით ქართული პოლიტიკური პროცესის სიმწიფეზე მეტყველებს რაც ვაშინგტონში და ევროპაში სათანადოდ იქნა აღქმული.“

„ამერიკის ხმა": საქართველო-ამერიკის ურთიერთობების მომავალზე რა კომენტარს გააკეთებდით?

ერიკ რუბინი: „საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს რაც შეეხება, და დამოუკიდებლად ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისგან, ჩვენ რამდენიმე რამ გვაიმედებს: დარწმუნებული ვართ, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა მთლიანობაში თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე და იმ ამბიციების გათვალისწნებით, რომელის ამ ქვეყანას გააჩნია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამ ხედვის დადასტურება იყო ბოლო არჩევნები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ამბიციებსვე იზიარებენ საქართველოს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, ამას ჩვენ ღიად ვაცხადებთ და ჩვენს მოკავშირეებს ვახსენებთ. ახალი მთავრობა, კაბინეტი, პრემიერ მინისტრი ხაზს უსვამს კურსის გაგრძელების მნიშვნელობას. ჩვენც ასევე ვხედავთ მოვლენებს, იქ სადაც გვაქვს საერთო ინტერესი და დასახულია მიზნები, გავაგრძელებთ პარტნიორობას. რაც შეეხება ამერიკის არჩევნებს: მე საჯარო პირი ვარ, და არ ვაკეთებ პირადი ხასიათის განცხადებებს ჩემს მთავრობაზე. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მიმართ არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც შენარჩუნდება ინტერესი, ქართველებს ვაშინგტონში ბევრი მეგობარი ჰყავთ, ადმინისტრაციაში, კონგრესში, ორივე მთავარ პოლიტიკურ პარტიაში, მეგობარი და კეთილისმსურველი პირველ რიგში იმიტომ, თუ რას მიაღწია საქართველომ. ეს ინტერესი ჩვენი მხრიდან არ შეიცვლება.

ახალმა მთავრობამ ნათლად ჩამოაყალიბა გეგმები, მთლიანობაში ჩვენ ვეთანხმებით ამ პრინციპებს, თუმცა არამგონია უპრიანი იყოს დეტალებში ჩვენი ჩარევა ან დეტალების გარჩევა. თუმცა არის კონკრეტული საკითხები, მაგალითად, პრემიერმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს, და ჩვენ ამას ვიზიარებთ. იმედი გვაქვს, რომ პრემიერ მინისტრი წარმატებას მიაღწევს ამ კუთხით. ასევე იმედი გვაქვს, რომ რუსეთის მთავრობა მზაობას გამოხატავს ურთიერთობების მოწესრიგების კუთხით, რამეთუ ეს ყველას წაადგება, და ასევე მთელს რეგიონს. ბატონმა ივანიშვილმა ასევე დაისახა კარგი ურთიერთობების გაგრძელება სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან და ჩვენი აზრით ეს ძალიან კარგია ენერგო დამოუკიდებლობის, ვაჭრობის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხრივ. ამერიკის მთავრობას საქართველოში ბევრი პროგრამა აქვს, რომელთა საშუალებით ქვეყნის სამინისტროებთან მუშაობს სხვადასხვა პროექტზე. ჩვენ განვიხილავთ, რუ რამდენად შეიძლება ეს პროექტები ჩამოთვლილი მიზნების წასახალისებლად ჩავრთოთ."

„ამერიკის ხმა": რამდენად რეალურია ნამდვილი გარღვევა რუსეთთან ურთიერთობებში?

ერიკ რუბინი: „მე ვფიქრობ, რომ „გარღვევის“ დეფინიცია ძალიან რთულია, და მე უფრო მეტად ფრთხილი ვიქნები, რადგან ამერიკას წარმოვადგენ და არ მინდა საქართველოსა და რუსეთს შორის მხარედ ვიდგე ამ პროცესებში. მიმაჩნია, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ტემპს/ხასიათს ეს ორი ქვეყანა თავად განსაზღვრავს.“

„ამერიკის ხმა": როგორ შეაფასებდით წინა ადმინისტრაციის მიღწევებს ანრა პრობლემები დაუტოვა მან ახალ მთავრობას?

ერიკ რუბინი: „რაც შეეხება მიღწევებს წინა ადმინისტრაციის პირობებში: მე საქართველოს საბჭოთა პერიოდიდან ვაკვირდები და ვმოგზაურობ. პროგრესი დიდია. ბოლოს იქ სახელმწფო მდივან ჰილარი კლინტონთან ერთად ვიყავი გასულ ზაფხულს, როცა თავად ისიც ძალიან მოიხიბლა ბევრი ფაქტორით, მათ შორის იმით თუ როგორ მუშაობს მთავრობა, რა სერვისებს უზრუნველყოფს ხელისუფლება ხალხისთვის, რა პროგრესი ფიქსირდება კორუფციის დაძლევის მხრივ, საპატრულო პოლიციის წარმატებები, რასაც ასევე აფასებენ მოსახლეობაში. უფრო მეტად კი ადამიანური კაპიტალის წარმატება, განათლება, საქართველოს ღიაობა მსოფლიოში. და ბოლოს, ის არჩევნები, რომელიც ოქტომბერში ჩატარდა, და რომელმაც ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარებას დაუდო სათავე ნაწილობრივ უნდა დავინახოთ როგორც ბოლო დეკადაში მიღწეული წარმატებების შედეგი და სახელმწფოებრივი მშენებლობის ნაწილი, ქვეყნისა, სადაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება შესაძლებელია. გამოწვევებზე საუბრისას, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ბევრი პრობლემა არსებობს საქართველოში ცხოვრების დონის გაუმჯობესების გზაზე, და რეალურად საქართველოს მოსახლეობისთვის ანაზღაურების მატების არარსებობა, პრობლემად რჩება სოფლის მეურნეობის სექტორის გაუმჯობესებაც და ჩვენ მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ სისტემის დაწინაურებაში. ამასთან, პრობლემად რჩება ახალგაზრდა, შრომისუნარიანი ქართველების ქვეყნიდან გადინების პრობლემა და გვინდა ჩვენი დახმარება ამ სფეროსაც მოვახმაროთ.“

„ამერიკის ხმა": რას უსურვებდით საქართველოს, მის მომავალ თაობებს?

ერიკ რუბინი: „ვისურვებდი, რომ საქართველოს არ გადაეხვიოს დემოკრატიული, ღია, მოწინავე და თავისუფალი ქვეყნის მშენებლობის გზიდან, რომელიც დასავლეთთან იქნება ინტეგრირებული, რომ მისმა მოქალაქეებმა იამაყონ თავიანთი ქვეყნის წარმატებით, და ასევე ის, რომ მისი მომავალი თაობები უფრო დიდი, მშვიდობიანი, პროგრესული თანამეგობრობის ნაწილად თვლიდნენ."
XS
SM
MD
LG