ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს არჩევნების 2012: საქართველოს ამერიკაში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს


თბილისში დარწმუნებულები არიან, რომ ამერიკაში პრეზიდენტის ცვლილების შემთხვევაში, ვაშინგტონის ძირითადი საგარეო პრიორიტეტები უცვლელი დარჩება

ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები თბილისის დროით, ხვალ, 7 ნოემბერს, დილის 9 საათისთვის გახდება ცნობილი. არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით უკვე ისარგებლეს საქართველოში ამერიკის საელჩოს თანამშრომლებმა.

თბილისში ამერიკის საელჩოს ცნობით, დალუქული ხმები საქართველოდან ამერიკაში ფოსტისა და საკონსულო განყოფილების საშულებით გაიგზავნა. საელჩოს თანამშრომელთა და ამერიკის მოქალაქეთა ნაწილი, ჟურნალისტებთან ერთად, არჩევნების საბოლოო შედეგებს სპეციალურ წვეულებაზე დაელოდება.

არჩევნების შედეგებს დიდი ინტერესით ელიან, როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე საქართველოს მთავრობაში. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია.

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელმაც ხუთი წელი იმუშავა ჯერ ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში, შემდეგ კი ნიუ იორკში, გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ამბობს, რომ ქართულ სახელმწიფოს თანაბრად უჭერენ მხარს როგორც ამერიკელი დემოკრატები, ისე ამერიკელი რესპუბლიკელები.

„ჩემი აზრით, საქართველოს ამერიკაში აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, როგორც რესპუბლიკელებში, ისე დემოკრატებში. ეს არის უაღრესად დემოკრატიული საზოგადოება, დემოკრატიული სისტემით და არის სრული ძალთა ბალანსი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის.“

სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მეცნიერ-თანამშრომელი და ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ საქართველო ამერიკისგან მოელის დახმარებას - ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხში; ქართული არმიის მშენებლობასა და თანამედროვე თავდაცვითი იარაღის მოწოდებაში.

თბილისი ასევე ვაშინგტონისგან ელის აქტიურ მხარდაჭერას NATO-ში გაწევრიანების საკითხში. ექსპერტი ვარაუდობს, რომ შესაძლებელია საქართველოსთვის უფრო მისაღები იყოს დღევანდელ არჩევნებში რესპუბლიკელი მიტ რომნის გამარჯვება, ვიდრე დემოკრატი ბარაკ ობამასი.

კახა გოგოლაშვილი ამას ამერიკელი რესპუბლიკელებისა და მიტ რომნის რუსეთთან დაკავშირებული, ტრადიციულად, ხისტი და მკაცრი რიტორიკით ხსნის:

„საქართველოში ასეთი აზრი აქვს ყველას, რომ აშშ-ს პოლიტიკა მაინც გრძელვადიანი პოლიტიკაა, რომელიც საპრეზიდენტო ვადას ასე ვთქვათ „ფარავს“. მიუხედავად იმისა, იცვლება თუ არა აშშ-ში პარტიული ნიშნით პრეზიდენტი, ძირითადი საგარეო პრიორიტეტები მაინც უცვლელი რჩება. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ამის იმედი გვაქვს.

ასე იყო წინა რესპუბლიკელი პრეზიდენტის შემდეგ, როცა იგი დემოკრატმა ობამამ შეცვალა და პრაქტიკულად ძალიან ცოტა ცვლილება თუ იყო საქართველოსთან მიმართებაში.

მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ რესპუბლიკელების ხისტი დამოკიდებულება რუსეთთან, შედარებით უფრო აქტიური და ხისტი საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგი უფრო მისაღები შეიძლება იყოს საქართველოსთვის ჩვენი პრობლემების აქტუალიზაციის თვალსაზრისით.“

დღეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტს ირჩევენ არა პირდაპირ არჩევნებში, არამედ ირჩევენ 538-წევრიან საარჩევნო კოლეგიას. ეს სისტემა კონსტიტუციის ავტორებმა ორასზე მეტი წლის წინათ შეიმუშავეს როგორც კომპრომისი პირდაპირი არჩევნების სისტემასა და სახელმწიფოს მეთაურის კონგრესის მიერ არჩევას შორის.

საარჩევნო კოლეგიის ხმები ყოველ შტატში უტოლდება კონგრესში მისი დელეგაციის რიცხვს, რაც უმეტეს შემთხვევებში შტატის მოსახლეობის რიცხოვნობას ემყარება.

მჭიდროდ დასახლებულ კალიფორნიას კონგრესში 55 წარმომადგენელი ჰყავს. შესაბამისად, ის 55 ხმას იღებს საარჩევნო კოლეგიაში. მეჩხრად დასახლებულ ვაიომინგს მხოლოდ 3 ხმა.

ამა თუ იმ შტატში იმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც იქ პირდაპირ არჩევნებში ხმების უმრავლესობას მოიპოვებს. მას ენიჭება ამ შტატის ყველა საარჩევნო ხმა.

აქედან გამომდინარე, მართალია, არჩვენებში ამერიკის პრეზიდენტის ვინაობა უკვე ხვალ იქნება ცნობილი, თუმცა, დღეს არჩეული საარჩევნო კოლეგია პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს, ფორმალურად, 17 დეკემბერს აირჩევს.

XS
SM
MD
LG