ამერიკულ გაზეთ “ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ წერილში, თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი ამბობს, რომ ახალი ზელანდიის მეჩეთებში მომხდარი მასობრივი მკვლელობა ქრისტიანობას არანაირად არ უნდა დაუკავშირდეს და მკვლელი, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებისგან არაფრით განსხვავდება. ერდოღანის სიტყვებით, რაც ახალ ზელანდიაში მოხდა „უმეცრების და სიძულვილის შხამიანი ნაზავი იყო.“
ხელისუფლების ცნობით, თეთრი რასის უპირატესობის იდეოლოგიის ავსტრალიელი მიმდევარი ბრენტონ ტარანტი, რომელიც ქალაქ ქრაისტჩარჩის მეჩეთებში 50 ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ისლამით და ქრისტიანობის წინააღმდეგ მისი ისტორიული ომებით ძალიან იყო დაინტერესებული. იუწყებიან, რომ თავდასხმამდე რამდენიმე თვით ადრე, მან ევროპაში ბევრი ადგილი მოიარა, სადაც ახლანდელი თურქეთის წინამორბედ ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლები მოხდა. მე-14 - მე-20 საუკუნეებში, აღმოსავლეთ ევროპაში, ქრისტიანთა და მუსლიმთა შორის მომხდარ ომებთან დაკავშირებული სახელები, მისი შაშხანის ვაზნის მჭიდეებზე იყო წარწერილი და ონლაინ მანიფესტში გამოქვეყნებული. 28 წლის ტარანტი თავის მანიფესტში ფიცს დებდა, რომ სტამბოლს „კვლავ, სამართლიანად ქრისტიანების კუთვნილ“ ქალაქად აქცევდა.
ერდოღანმა თქვა, რომ ტარანტს და ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“ საერთო მიზანი, სტამბოლის დაპყრობა ჰქონდათ. მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებს ახლა „გარკვეული პასუხისმგებლობები“ აკისრიათ და მოუწოდა, ქრაისტჩარჩის მასობრივი მკვლელობის შემდეგ, „უარყონ ბოლო წლებში მზარდი რასიზმის, ქსენოფობიის და ისლამოფობიის ნორმალიზება.“
ერდოღანმა შეაქო ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯესინდა არდერნი იმის გამო, რომ მან დასავლელ ლიდერებს დაჟინებით მოუწოდა „მათ ქვეყნებში მცხოვრებ მუსლიმებს მხარი დაუჭირონ.“
Facebook Forum