ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში არჩევნები ახლოვდება - მედია და დამკვირვებლები კვლავ წნეხის ქვეშ არიან


საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის საჩვენებლად, რუსეთში საარჩევნო კომისია წლებია უბნებიდან პირდაპირ ვიდეო-ეთერს უზრუნველყოფს. თუმცა, ოპოზიციონერი აქტივისტებისა და ჟურნალისტების მცდელობის შედეგად, 2018 წლის არჩევნებში სწორედ ამავე კამერებით არაერთი დარღვევა დაფიქსირდა. მათ შორის ე.წ. კარუსელები (ერთი და იმავე ადამიანების მიერ სხვადასხვა უბანზე ხმის მიცემა), სხვისი დოკუმენტაციისა და იდენტობის გამოყენება, ამომრჩეველთა მოსყიდვა, ბიულეტენების ჩაყრა, სიებში მანიპულაციები და ცვლილებები და ა.შ.

ამ ფაქტების გამო, 2018 წელს რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 7 საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებაც კი მოუხდა. თუმცა, ამას შედეგები არ შეუცვლია, ვლადიმირ პუტინი მეოთხე ვადით პრეზიდენტი დიდი უპირატესობით გახდა. მაგრამ ძალოვანი უწყებები საარჩევნო პროცესისადმი ნდობის შექმნით, როგორც ჩანს, მაინც დაინტერესებულნი იყვნენ.

ახლა კი, როდესაც კვირის ბოლოს რუსეთის მოქალაქეებმა სახელმწიფო დუმის, რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის 450 მანდატის ბედი უნდა გადაწყვიტონ, მმართველი პარტიის - "ერთიანი რუსეთის" - რეიტინგი უკიდურესად დაბალია. წინასაარჩევნოდ კი ამომრჩეველი ინფორმაციულ ვაკუუმშია. წნეხი დამოუკიდებელ მედიაზე, გამოკითხვების ორგანიზატორებზე, დამკვირვებლებზე და სხვებზე, გამკაცრებულია. კრემლის სამიზნეა ყველა, ვისაც ქვეყანაში პოლიტიკური ლანდშაფტისა და არჩევნების შედეგების რეალური შეფასების შესაძლებლობა აქვს.

ვიდეო-მონიტორინგის სისტემაზე ხელისუფლების მიერ უარის თქმაც შესაძლოა ამავე კამპანიის ნაწილი იყოს. საარჩევნო კომისია ამ ნაბიჯს კენჭისყრის დღეების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებული გაზრდილი ხარჯებით ხსნის. თავად კენჭისყრის გახანგრძლივება, ხელისუფლების მტკიცებით, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვისაა საჭირო. კრიტიკოსების აზრით კი, ეს მხოლოდ გაყალბებისთვის გაზრდილი შესაძლებლობაა. პროცესზე დაკვირვების საშუალება მხოლოდ კანდიდატებს, პოლიტიკურ პარტიებს და კომისიის წარმომადგენლებს ექნებათ.

რუსეთის არჩევნების ერთადერთი სადამკვირვებლო ორგანიზაცია "გოლოსი" კომისიის გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა უდიდესი მნიშვნელობის საზოგადოებრივი ღონისძიების დაფარვის მცდელობა "ისინი ცხადია, რომ თავს იზღვევენ იმისგან, რომ ვიდეო მასალის დამკვირვებლები ფალსიფიკაციას გამოავლენენ და ეს კვლავ "გაფრინდება" - ფართოდ გავრცელდება ინტერნეტში", - ამბობს გრიგორი მელკონიანცი, "გოლოსის" თანათავმჯდომარე. ორგანიზაცია აგვისტოში "უცხო ქვეყნის აგენტადაც" გამოცხადდა. ამ დრომდე ამ სიაში 50-მდე ორგანიზაცია და პირია შეყვანილი. მათგან 37 - მხოლოდ გასულ 7 თვეში. კრემლი დასავლეთს საარჩევნო კამპანიაზე გავლენის მოხდენის მცდელობაში ადანაშაულებს.

რუსეთის ადგილობრივ არჩევნებს ვერ დააკვირდება ეუთოს მისიაც. ორგანიზაციის მოთხოვნა მოკლე ვადით 420, გრძელვადიანი მისიით კი 80 დამკვირვებლისა და ანალიტიკოსების გუნდის ქვეყანაში გაგზავნის შესახებ, რუსეთის ხელისუფლებამ არ დააკმაყოფილა. ოფიციალური მიზეზი პანდემიასთან დაკავშირებული არგუმენტებია.

ქვეყანაში ვერც დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციები ფუნქციონირებენ შეუზღუდავად. 2016 წლის საკანონმდებლო არჩევნების წინ ცნობილი კვლევითი ცენტრი "ლევადა" უცხო ქვეყნის აგენტად გამოცხადდა, რასაც ორგანიზაცია მტკიცედ ეწინააღმდეგება და ამას პოლიტიკურ ცენზურად მიიჩნევს. თუმცა, ამჯერად ხელისუფლებასთან დაახლოებული ორგანიზაციები თუ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კვლევებიც აჩვენებს, რომ მმართველ პარტიას ახლა ყველაზე ნაკლები რეიტინგი აქვს.

დაბალ რეიტინგთან გამკლავებაში პარტიას 2016 წელს ყირიმის ანექსიით არსებული კმაყოფილება დაეხმარა. თუმცა 2021 წელს მმართველ გუნდს უფრო სერიოზული გამოწვევები აქვს. მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა ეკონომიკური პრობლემებით, 2019 წელს საპენსიო ასაკის გაზრდის გადაწყვეტილებით, ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებული საპროტესტი გამოსვლების დარბევით და მასობრივი დაპატიმრებებით, და რაც მთავარია, კორონავირუსის პანდემიით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG