თურქეთის სამხრეთ სანაპიროზე 100-ზე მეტი ხანძრის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. კვირას მეხანძრეები შვეულმფრენების დახმარებით ებრძოდნენ ცეცხლს, რომელიც ქვეყნის მთავარ ტურისტულ ადგილებს ემუქრება.
თურქეთის საკურორტო ზონებიდან, ანტალიიდან და მუგლადან, ადგილობრივი მცხოვრებლების და ტურისტების ნაწილი პატარა ნავებით საფრთხეს გაექცა. უფრო ფართომასშტაბიანი ევაკუაციის საჭიროების შემთხვევაში, სანაპირო დაცვის და ასევე ორი სამხედრო ხომალდი ნაპირთან მზადყოფნაში დგას.
სამხრეთ ევროპაში ცხელმა ამინდმა და მშრალმა ქარებმა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, მათ შორის, იტალიაში, დასავლეთ საბერძნეთში და ეგეოსის რეგიონში ტყის ხანძრებს ხელი შეუწყო.
ყველაზე მძიმე დარტყმა თურქეთმა მიიღო. ხელისუფლება აცხადებს, რომ ხანძრების უმრავლესობა კონტროლის ქვეშაა, მაგრამ ზოგიერთ კურორტს საფრთხე ემუქრება. უახლოეს დღეებში სარეკორდო სიცხის მოლოდინი კი მიანიშნებს, რომ ხანძართან ბრძოლა დამთავრებისგან შორსაა.
“სი ენ ენის” ცნობით, რომელიც თურქეთის სოფლის და სატყეო მეურნეობის სამინისტროს ეყრდნობოდა, კვირას ორი მეხანძრე დაიღუპა და მსხვერპლის რიცხვი რვამდე გაიზარდა.
“ასოშიეიტედ პრესი” თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ კვირას, ხანძრის ზემოქმედების გამო, სულ მცირე 27 ადამიანს მკურნალობდნენ, ასობით ადამიანი კი სამედიცინო დაწესებულებებიდან უკვე გაწერეს.
თურქეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ტურიზმის ინდუსტრიას, რომელიც პანდემიით გამოწვეული ზარალიდან თავის დაღწევას ცდილობს, ხანძრები დიდ დარტყმას აყენებს. ასევე დაზარალდა ბევრი ფერმერი, რომლებსაც ხანძარმა პირუტყვი დაუხოცა.
თურქეთის მთავრობა მზარდი კრიტიკის წინაშეა იმის გამო, რომ ქვეყნის სახანძრო თვითმფრინავები უმოქმედოდ არიან, მათ ნაცვლად კი სამ დაქირავებულ რუსულ თვითმფრინავს ეყრდნობიან.
ერდოღანმა განაცხადა, რომ დამატებითი თვითმფრინავები მიიღეს და კიდევ უფრო მეტი, მეზობელი უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან უკვე გზაშია. “ასოშიეიტედ პრესის” თანახმად, ევროკომისიამ ხორვატიიდან თურქეთში ერთი, და ესპანეთიდან ორი სახანძრო თვითმფრინავი გაგზავნა.
Facebook Forum