ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხანძრების კვამლი- მზარდი საფრთხე ჯანმრთელობისთვის


დღეის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე უარესი ჰაერი არა ისეთ ადგილებშია, სადაც ჰაერის დაბინძურების ცხელი წერტილებია, მაგალითად ჩინეთსა და ინდოეთში, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებში. უფრო კონკრეტულად კი დასავლეთ ამერიკაში, სადაც რეკორდულად დიდი ხანია ტყეში გაჩენილ ხანძარს ვერ აქრობენ. კვამლი კი მთელ რეგიონსაა მოდებული.

პორტლენდში, ორეგონის შტატში, ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

სან-ფრანცისკოს ყურის ტერიტორიაზე, უკვე 30 დღეა გადაბმულად არაჯანსაღი ჰაერის გამო განგაშია გამოცხადებული. ეს ახალი რეკორდია. ბოლოს ასეთი ხანგრძლივი ჰაერის მოწამვლა 2018 წელს დაფიქსირდა და 14 დღეს გაგრძელდა. მაშინაც მიზეზი ტყის ხანძარი იყო.

მეცნიერები ამბობენ, რომ ჰაერის დაბინძურება, შეიძლება, რომ მომაკვდინებელი იყოს. ერთ-ერთმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ მსოფლიოს მასშტაბით PM 2.5-ის შემცველობა ჰაერში არის მეხუთე ადგილას მყოფი რისკ-ფაქტორი, რომელიც სიკვდილს იწვევს. PM 2.5 ჰაერში 2.5 მიკრომეტრის დიამეტრის მქონე ნაწილაკების არსებობას გულისხმობს.

თუმცა, კვლევის დროს მხოლოდ ის ადამიანები შეისწავლეს, ვინც მთელი ცხოვრების მანძილზე, ან სიცოცხლის უმეტეს ნაწილს ატარებდა ასეთ დაბინძურებულ ჰაერში. მეცნიერებს ჯერ არ აქვთ პასუხი იმაზე რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი ასეთ დაბინძურებულ ჰაერს დღეების, ან კვირების განმავლობაში სუნთქავს. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ჯერ კიდევ კარგად შესასწავლი და გამოსაკვლევი თემაა.

კიდევ ერთი საკითხი, რაც სფეროს ექსპერტებს აშინებს ისაა, რომ ისეთი მასშტაბური ხანძრები, როგორიც ახლა ამერიკას დაატყდა თავს, უკვე აღარაა ცალკე, იზოლირებული ინცინდენტები.

„ვხედავთ, რომ ასეთი შემთხვევების ხანგრძლივობა სულ უფრო იზრდება. ისევე როგორც მათი [ხანძრების] სიმძიმე და სიხშირე“, ამბობს კიტ ბეინი, „ჰაერის ხარისხის კვლევითი ცენტრიდან“.

„უფრო დიდი კითხვა ისაა, თუ რა შედეგები ექნება იმას, რომ ყოველ ზაფხულს უფროდაუფრო ხანგრძლივი და მაღალი კონცენტრაციის ხანძრების მომსწრენი ვართ“, დაამატა მან.

ხანძრის შედეგად წარმოქმნილი კვამლი შედგება გაზებისა და ნაწილაკებისგან, რომლებსაც ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება შეუძლიათ ბევრი სხვადასხვა გზით.

ოზონი, რომელიც ხანძრის დროს გამოიყოფა, აღიზიანებს თვალებს, ცხვირსა და ყელს. მას შეუძლია სასუნთქი გზები გააღიზიანოს და ზოგიერთი ადამიანი ასთმის შეტევებამდეც მიიყვანოს.

თუმცა, უფრო მძიმე ეფექტი აქვს მცირე ნაწილაკებს, რომელიც PM2.5-ის სახელითაა ცნობილი.

მიზეზი, იმისა, რატომაა ეს ნაწილაკები მავნე ისაა, რომ ისინი იმდენად პატარებია, რომ მათი გადაყლაპვა ძალიან მარტივია. ისინი მარტივად ხვდებიან ფილტვებში და შემდეგ სისხლის მიმოქცევის სისტემაში აღმოჩნდებიან, ამბობს მარი პრუნიცკი, სტენფორდის უნივერსიტეტიდან. „იქიდან კი [სისხლის მიმოქცევის სისტემიდან] შესაძლოა უკვე რამდენიმე ორგანო და ორგანოთა სისტემა დაზიანდეს“.


ჰაერის დაბინძურება მსოფლიოში გულის შეტევებისა და ინსულტის ¼-ის გამომწვევი მიზეზია. ის ასევე დამნაშავეა ფილტვების კიბოს დიაგნოზის 29%-ში და 2/5-ზე მეტ შემთხვევაში სწორედ ჰაერის დაბინძურების გამო კვდებიან ადამიანები ქრონიკული ობსტრუქციული პულმონარული დაავადებისგან. ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ბოლო პერიოდში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი ჰაერის დაბინძურებასა და ნევროლოგიურ დაავადებებს, მათ შორის დემენციასა და ალცაიმერს შორისაც.

„არ მგონია, რომ არსებობს ორგანო სხეულში, რომელზეც ჰაერის დაბინძურება გავლენას არ ახდენს“, ამბობს პროფესორი ბეინი.

ამერიკის რამდენიმე შტატში ხანძარმა მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია სრულად გაანადგურა. უსახლკაროდ დარჩა ათასობით ადამიანი. განადგურდა საცხოვრებელი სახლები, ოფისები და მთლიანად ქალაქები. ხანძარმა 35 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ხანძარი ამერიკის წყნარი ოკეანის ჩრდილოდასავლეთის სახელით ცნობილ რეგიონშია გავრცელებული და სხვა ტერიტორიებთან ერთად მოიცავს კალიფორნიის, ორეგონისა და ვაშინგტონის შტატებსაც.

ხანძრების შედეგად გავრცელებულმა ალმა და კვამლმა უკიდურესად დააბინძურა ჰაერი შემდეგ ქალაქებში: სან-ფრანცისკო, სიეტლი და პორტლენდი.

კვამლის მასიურმა ღრუბლებმა ათასობით მოქალაქის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა. ჰაერის მდგომარეობა მთავრობის წევრმა გარემოს დაცვის სპეციალისტებმა შეაფასეს, როგორც "სახიფათო" და "ძალიან არაჯანსაღი".

ათიათასობით ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი საცხოვრებელი ტერიტორია დაეტოვებინა.

ამინდის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთ ადგილას მხედველობის არეალი ნახევარ კილომეტრზე ნაკლები იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG