ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტუსკი ამერიკას: დააფასე მოკავშირეები, ისინი არც ისე ბევრი გყავს


ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ბრიუსელი 10 ივლისი, 2018 წელი
ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ბრიუსელი 10 ივლისი, 2018 წელი

დონალდ ტუსკმა, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, შეერთებული შტატების პრეზიდენტის კრიტიკას დღეს სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” უპასუხა. დონალდ ტრამპი ნატოს წევრ ქვეყნებს, ალიანსის ფინანსური პასუხისმგებლობების ბოლომდე შეუსრულებლობის გამო, გამუდმებით აკრიტიკებს.

“ამერიკას არ ჰყავს და არც ეყოლება ევროპის კავშირზე უკეთესი მოკავშირე… ჩვენ თავდაცვაზე გაცილებით მეტს ვხარჯავთ, ვიდრე რუსეთი და იმდენივეს, რასაც ჩინეთი. იმედია, ეჭვი არ გეპარებათ, რომ ეს არის ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში, რასაც დარწმუნებით ვერ ვიტყოდით რუსეთის და ჩინეთის დანახარჯებზე” - აღნიშნავს დონალდ ტუსკი.

პრეზიდენტი ტრამპი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოებს საარჩევნო კამპანიიდან მოყოლებული აკრიტიკებდა. დღესაც, ბრიუსელის სამიტზე გამგზავრებამდე, მან სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბევრად მეტს ხარჯავს ევროპის თავდაცვაზე, რაც “ამერიკელი გადამხდელების მიმართ უსამართლობაა. ამას ემატება ისიც, რომ ევროპის კავშირთან ვაჭრობაში ჩვენ 151 მილიარდ დოლარს ვაგებთ” - წერს ის.

დონალდ ტუსკმა ტრამპს მოუწოდა, შეეწყვიტა ალიანსის კრიტიკა ბრიუსელის ნატოს სამიტამდე. მოწოდება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ტუსკმა ამერიკას და ევროკავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. “ძვირფასო ამერიკავ, პატივი ეცი საკუთარ მოკავშირეებს. ბოლოს და ბოლოს, არც ისე ბევრი გყავს” - განაცხადა დღეს ევროსაბჭოს პრეზიდენტმა.

“ჩვენ ბევრი მოკავშირე გვყავს” - უთხრა პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებს თვითმფრინავში ასვლამდე. “მაგრამ, თავის გამოყენების უფლებას ვერ მივცემთ. ევროპის კავშირი კი ჩვენ გვიყენებს” - თქვა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ვიდრე მისი თვითმფრინავი გეზს ბრიუსელისკენ აიღებდა.

მსოფლიოს ლიდერები ბელგიის დედაქალაქში დაგეგმილ ნატოს ორდღიან სამიტზე 11 და 12 ივლისს შეიკრიბებიან. ალიანსის განცხადებით, 2017 წელს ამერიკამ 29 წევრისგან შემდგარი ალიანსის ბიუჯეტის 70 პროცენტი დააფინანსა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG