ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატებმა "ტვ პირველის" დაშავებული ჟურნალისტები მოინახულეს


დიპლომატების მიერ, ჟურნალისტების საავადმყოფოში მონახულების ფოტო, რომელსაც "ტვ პირველი" ავრცელებს.
დიპლომატების მიერ, ჟურნალისტების საავადმყოფოში მონახულების ფოტო, რომელსაც "ტვ პირველი" ავრცელებს.

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, 9 დეკემბერს, ორშაბათს, "ტვ პირველის" დაშავებული ჟურნალისტები, მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული საავადმყოფოში მოინახულეს. ამერიკის, ბრიტანეთის, გერმანიიის, შვედეთის, დანიის, ლიეტუვისა და ლატვიის ელჩებმა საავადმყოფოში დაზარალებულებისგან პირადად მოისმინეს მათზე მომხდარი თავდასხმის ამბავი. ასევე, ექიმებისგან შეიტყვეს, დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობს შესრულების დროს, პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ. ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს, ექიმების თქმით, ტვინის შერყევა აქვთ და ისინი ინგოროყვას კლინიკაში განაგრძობენ მკურნალობას.

საგამოძიებო უწყებებს დამნაშავეები ამ დრომდე არ დაუკავებიათ. “ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური უმოქმედობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმის, რომ ასეთი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულიდან 48 საათი გავიდა, კარლო კაციტაძის უწყებას ამ საქმეზე ბრალი ჯერ არავისთვის წაუყენებია.

მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულზე მომხდარი ძალადობის შესახებ განცხადება დღეს სამართალდამცავ უწყებაშიც გაავრცელეს.

საგამოძიებო სამსახურმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე 7 დეკემბერს განხორციელებული თავდასხმის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ერთი ადამიანის სახლი გაჩხრიკა და მობილური ტელეფონი ამოიღო. ამავე საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარეს კიდევ ერთი პირი.

უწყება მიუთითებს, რომ ინიციალებით მითითებული გ. ლ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩატარდა "ერთ-ერთი ტელეკომპანიის სატელევიზიო ეთერში, დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით".

ამოღებული მობილური ტელეფონის მეხსიერებაში დაცული ინფორმაციის აღდგენის მიზნით, სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა კომპიუტერული ექსპერტიზა. "საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გამოიკითხა გ. ლ. და მისი ოჯახის წევრი".

"საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე დაბარებული იქნა, ასევე, ლ.თ., რომლის შემთხვევის ადგილას შესაძლო ყოფნის თაობაზე ინფორმაცია მედია საშუალებით გავრცელდა", - ამბობენ უწყებაში.

სატელეფონო ანძების და გამოძიებისთვის საინტერესო პირების გადააადგილების შესასწავლად მობილური ოპერატორებიდან მიმდინარეობს ინფორმაციის გამოთხოვის პროცესი. დაზარალებული ჟურნალისტის და ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისა და დაკავების, მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას", - ამბობენ საგამოძიებო სამსახურში. პროცესის საილუსტრაციოდ საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ვიდეოც, რომელშიც ასახულია ერთი ინსპექტორის მიერ გაწეული საქმიანობა.

XS
SM
MD
LG