ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატების საპრეზიდენტო დებატზე სამიზნე ბლუმბერგი აღმოჩნდა


ოთხშაბათ საღამოს, ნევადის შტატის ქალაქ ლას-ვეგასში, დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატობის ექვსი პრეტენდენტი დაძაბულ დებატზე ერთმანეთს დაუპირისპირდა. ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი, თავის მეტოქეებთან პირველ, პირისპირ შეხვედრაზე, ცხარე თავდასხმების სამიზნე გახდა.

ვერმონტის სენატორმა ბერნი სანდერსმა და მინესოტის სენატორმა ემი კლობუჩარმა ბლუმბერგი დაუყოვნებლად დაადანაშაულეს იმაში, რომ ის დემოკრატების მხრიდან ნომინაციის ყიდვას, საკუთარი 400 მილიონი დოლარით ცდილობს, რომელსაც ეროვნული მასშტაბით, მასიური პოლიტიკური რეკლამის კამპანიაზე ხარჯავს. თუმცა ოთხ შტატში, პარტიისგან ნომინაციის მოსაპოვებელი კონკურსები გამოტოვა.

კლობუჩარმა თქვა, არ ფიქრობს, რომ ამერიკელი ამომრჩევლები უყურებენ რესპუბლიკელ პრზიდენტ დონალდ ტრამპს და ამბობენ “ჩვენ ვინმე უფრო მდიდარი გვჭირდება”, როგორიცაა მაიკლ ბლუმბერგი, მსოფლიოს რიგით მე-12 უმდიდრესი პირი.

ბლუმბერგი გამოეპასუხა, რომ მას სიმდიდრე, ტრამპის მსგავსად მემკვიდრეობით არ მიუღია და საკუთარი კომპანიის დაარსებით და მუშაობით მოიპოვა და ახლა “ვხარჯავ ამ ფულს დონალდ ტრამპის მოსაცილებლად, რომელიც ყველაზე უარესი პრეზიდენტია, რომელიც ქვეყანას ოდესმე ჰყოლია” - თქვა ბლუმბერგმა.

ბლუმბერგს შეახსენეს მისი მერობის დროს, 2002-2013 წლებში ნიუ-იორკში დანერგილი პოლიციური ტაქტიკა, ე.წ. “გაჩერება და ჩხრეკა”, როდესაც ხელისუფლება ქალაქის ტროტუარებზე შემთხვევითი შერჩევით ადამიანებს აჩერებდა, რომლებიც მათი აზრით საფრთხეს წარმოადგენდნენ. კრიმინალით გაჯერებული უბნებიდან იარაღის ამოღების მიზნით, ხშირად შავკანიან და ლათინო ახალგაზრდებს ჩხრეკდნენ.

სანდერსმა ამ პოლიტიკას “აღმაშფოთებელი”, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი “საზიზღარი” უწოდა.

ბლუმბერგმა აღიარა, რომ მას ახლა იმ პოლიტიკის და ფაქტის, რომ მის გაუქმებას დიდი დრო დასჭირდა “რცხვენია”.

ბლუმბერგს ბევრი სხვა ბრალდებაც წაუყენეს, მათ შორის სექსისტური და ქალთმოძულე გამონათქვამები და ა.შ.

ამერიკულ ეთერში და სოციალურ მედიაში მრავლად განთავსებული რეკლამის წყალობით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მაჩვენებლებით, ბლუმბერგის პოზიციამ დემოკრატებს შორის მეორე ან მესამე ადგილზე აიწია და მხოლოდ სანდერსს და ხანდახან ბაიდენს ჩამორჩება.

ოთხშაბათის დებატებამდე, 78 წლის ბლუმბერგს არც ერთ დებატში მონაწილეობის კვალიფიკაცია არ ჰქონდა. დემოკრატების ყველა სხვა კანდიდატმა უკვე 8 დებატში მიიღო მონაწილეობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG