სამშაბათს საღამოს, დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატების პირველმა ათეულმა დებატების მეორე რაუნდში მიიღო მონაწილეობა. მიჩიგანის შტატის ქალაქ დეტროიტში გაიმართული დებატები ტელეკომპანია "სი-ენ-ენის" ჟურნალისტებს მიჰყავდათ და პირდაპირი ეთერით ამავე არხზე გადაიცემოდა.
დებატებზე მთავარი თემა ჯანდაცვის რეფორმა აღმოჩნდა. შედარებით ზომიერი პოლიტიკის მომხრე კანდიდატები წამყვან ორ კანდიდატს, ვერმონტის სენატორ ბერნი სანდერსს და მასაჩუსეტსის სენატორ ელიზაბეტ უორენს აკრიტიკებდნენ რადიკალური მემარცხენე პოზიციების გამო და აცხადებდნენ, რომ მათი ამგვარი მიდგომა მთავარ არჩევნებზე, რესპუბლიკელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დამარცხების გარანტია გახდება.
უორენი და სანდერსი საყოველთაო ჯანდაცვის შემოღების მომხრეები არიან. "ეს რადიკალური არ არის" - განაცხადა სანდერსმა. მან მაგალითად დასავლეთის ქვეყნები მოიყვანა, სადაც მთავრობის მიერ სუბსიდირებული და მართული საყოველთაო ჯანდაცვა წარმატებით მუშაობს. "უკვე ცოტა ვიღლები იმ დემოკრატებით, რომელთაც დიდი იდეების ეშინიათ" - განაცხადა ბერნი სანდერსმა.
ანალოგიური პოზიცია ჰქონდა ელიზაბეტ უორენსაც. "ვერ ვხვდები, რატომ უნდა გაიარო ურთულესი გზა შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატობის, თუკი მარტო იმაზე უნდა ისაუბრო, თუ რას ვერ შევძლებთ და რისთვის არ უნდა ვიბრძოლოთ" - თქვა მან.
საპრეზიდენტო დებატები დღეს გაგრძელდება. დემოკრატთა მეორე ათეული ამერიკის და საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე დეტროიტის თეატრის იმავე სცენაზე წარსდგება, ადგილობრივი დროით - საღამოს 8 საათზე.
Facebook Forum