ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დებატების მე-2 რაუნდის წინ, დემოკრატებში ისევ ბაიდენი ლიდერობს


დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატების ოცეული დებატების მეორე რაუნდისთვის ემზადება. ნომინაციის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, მიჩიგანის შტატის ქალაქ დეტროიტში დებატები ისევ ორ ნაწილად, სამშაბათს და ოთხშაბათს გაიმართება. ორდღიან პაექრობას 10-10 პრეტენდენტის მონაწილეობით, პირდაპირი ეთერით ტელეკომპანია "სი-ენ-ენი" გადასცემს.

კანდიდატები შეეცდებიან ერთმანეთს შეეჯიბრონ იმაში, თუ ვის უფრო მეტი შანსი აქვს დონალდ ტრამპის, ახლანდელი რესპუბლიკელი პრეზიდენტის დამარცხების. ასევე მოსალოდნელია, რომ სცენაზე მდგომ დემოკრატ პრეტენდენტთა თავდასხმის ობიექტი გახდება გამოკითხვების პოპულარული ლიდერი, ჯო ბაიდენი. შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა დეტროიტის დებატების წინ განაცხადა, რომ ის ბრძოლისთვის მზადაა და "ამჯერად ასეთივე ზრდილობიანი" აღარ იქნება.

ისევე როგორც პირველი რაუნდის წინ, ბაიდენი თითქმის ყველა საზოგადოებრივ გამოკითხვას ლიდერობს. ნომინანტის დასახელებამდე 6 თვით ადრე, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის წარმატებას, ანალიტიკოსები მიაწერენ ბაიდენის ზომიერ, შედარებით ცენტრისტულ პოლიტიკას და ასევე მისი სახელის მაღალ ცნობადობას. ყველაფერთან ერთად, ბაიდენი 40 წლის მანძილზე დელავერის შტატის სენატორი იყო და მდიდარი პოლიტიკური გამოცდილება აქვს.

კვინიპიაკის უნივერსიტეტის უახლესი გამოკითხვის მიხედვით, ჯო ბაიდენს დამოუკიდებელი და დემოკრატი ამომრჩევლების 34 პროცენტი უჭერს მხარს. შემდეგ მოდიან: მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენი (15%), სენატორი კალიფორნიიდან - კამალა ჰარისი (12%) და ბერნი სანდერსი, ვერმონტის სენატორი (11%).

Facebook Forum

XS
SM
MD
LG