ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხალხმრავალი საპრეზიდენტო კანდიდატების ჯგუფიდან, 20-მა წამყვანმა კანდიდატმა 26 და 27 ივლისს პირველ დებატებში მიიღო მონაწილეობა. დემოკრატი კანდიდატების დებატები ფლორიდის შტატში, ქალაქ მაიამიში გაიმართა.
ყურადღების ცენტრში ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და გამოკითხვების ლიდერი - ჯო ბაიდენი იყო. თუმცა, მისი უმთავრესი მეტოქე სენატორი კამალა ჰარისი აღმოჩნდა, რომელმაც ის მკაცრად გააკრიტიკა. საუბარია თითქმის 40 წლის წინანდელ საკანონმდებლო საქმიანობაზე, როცა ბაიდენმა მხარი არ დაუჭირა სეგრეგაციის მოწინააღმდეგე კანონმდებლების ინიციატივას, სასკოლო ავტობუსებში ფერადკანიანი მოსწავლეების ინტეგრაციის თაობაზე. 70-იან წლებში, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მერილენდის შტატის სენატორი ბაიდენი, სეგრეგაციის მომხრე სამხრეთის კანონმდებლებთან თანამშრომლობდა.
მინდა ამ ქვეყანას წარვუძღვე, რადგან ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამ სახელმწიფოს სული დავუბრუნოთ. ამ პრეზიდენტმა მას ის ამოჰგლიჯა,- მიმართა მხარდამჭერებს ჯო ბაიდენმა.
ჰარისმა, რომელიც კალიფორნიელი სენატორია და ამასთან, ყოფილი პროკურორიც, ბაიდენს მიმართა: „არ მჯერა, რომ რასისტი ხართ“, მაგრამ შავკანიანმა ამერიკელმა სენატორმა აუდიტორიისგან აპლოდისმენტები მიიღო, როდესაც თქვა, რომ „მტკივნეულია იმის მოსმენა“, რომ ახალგაზრდა ბაიდენი სეგრეგაციის მომხრეებთან თანამშრომლობდა.
ბაიდენმა ამას "მისი საქმიანობის არამართებული ინტერპრეტაცია" უწოდა და თქვა, რომ ის რასიზმის მომხრე არასდროს ყოფილა. თუმცა, საღამო ჰარისისთვის ნამდვილად წარმატებული აღმოჩნდა.
რასიზმის თემა დებატებზე კიდევ ერთხელ წამოიჭრა, როდესაც შეკითხვები ინდიანის შტატის ქალაქ საუთ-ბენდის მერს, პიტ ბუტეჯეჯს დაუსვეს ქალაქში ცოტა ხნის წინ მომხდარ მკვლელობაზე დაუსვეს შეკითხვები. პოლიციელმა იქ შავკანიანი მამაკაცი მოკლა, რის გამოც ბუტეჯეჯს საპრეზიდენტო კამპანიის შეწყვეტა და შინ დაბრუნებაც კი მოუხდა. მისი თქმით, საქმე ჯერ გამოძიების პროცესშია და კომენტარს ამასთან დაკავშირებით ვერ გააკეთებს. თუმცა, მან ისიც აღიარა, რომ ეს "მტკივნეული გაუგებრობაა".
ბაიდენი ამჯერად დემოკრატ ამომრჩეველში გამოკითხვების ლიდერია, თუმცა ხუთშაბათ საღამოს აქტიურად უწევდა თავის დაცვა და ამერიკის მთავრობაში, კერძოდ კი, ბარაკ ობამას ვიცე-პრეზიდენტად ყოფნის გამოცდილებაზე საუბარი. გამოკითხვებში ასევე იღებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვერმონტელი სენატორი ბერნი სანდერსი, რომელიც თავს სოციალისტ დემოკრატად მიიჩნევს, ასევე სენატორი ნიუ-იორკიდან კისრტენ გილიბრენდი და მაიკლ ბენეტი კოლორადოდან. დებატების დასაწყისში, ბაიდენმაც, სანდერსმაც და ჰარისმაც პრეზიდენტის საგადასახადო რეფორმა გააკრიტიკეს და თქვეს, რომ ამ რეფორმამ მხოლოდ მსხვილ კორპორაციებს მოუტანა სარგებელი.
კანდიდატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ის, რომ თითოეული მათგანი არა იმდენად ერთმანეთის პოლიტიკასთან და მიდგომებთან დაპირისპირებას ცდილობს, რამდენადაც თავს იმ ადამიანად წარმოდგენას, რომელსაც მოქმედი პრეზიდენტის დამარცხება შეუძლია. თუმცა ცხადია, ყოველი მათგანი საკუთარი გზავნილების ხაზგასმას ცდილობდა.
„მინდა ამ ქვეყანას წარვუძღვე, რადგან ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამ სახელმწიფოს სული დავუბრუნოთ. ამ პრეზიდენტმა მას ის ამოჰგლიჯა", - მიმართა მხარდამჭერებს ჯო ბაიდენმა. "ის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რასისტები და თეთრი რასის უპირატესობის მხარდამჭერები წესიერ ადამიანებად მოიხსენია.“ დემოკრატმა პოლიტიკოსმა, რომელიც ორჯერ - 1998 და 2009 წლებში უკვე დამარცხდა პარტიის ნომინაციისთვის ბრძოლაში, საკუთარი თავის "არაპროგნოზირებადი პრეზიდენტის" მყარ, სტაბილურ მეტოქედ და პოლიტიკოსად წარმოდგენა სცადა.
ბერნი სანდერსმა კი თავისი სოციალური ღირებულებების ხაზგასმა სცადა და თქვა, რომ თუკი სოციალური პოლიტიკა არ შეიცვლება, პოლიტიკოსების ცვლას მნიშვნელობა არ ექნება:
„არაფერი შეიცვლება თუ გამბედაობა არ გვექნება, რომ შევუტიოთ უოლ სტრიტს, დაზღვევის ინდუსტრიას, ფარმაცევტულ ინდუსტრიას, სამხედრო სამრეწველო კომპლექსს და წიაღისეული საწვავის ინდუსტრიას,“ - თქვა სანდერსმა.
მართალია გამოკითხვების ლიდერების უმეტესობა დებატების მეორე დღეს იდგა სცენაზე, თუმცა ოთხშაბათს გამართულ დებატებში მონაწილეობა მიიღო მეორე ათეულმა. ესენი იყვნენ სენატორები: კორი ბუკერი, ემი კლობუჩარი და ელიზაბეტ უორენი; წარმომადგენელთა პალატის წევრები: ტულსი გაბარდი და ტიმ რაიანი; წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრები: ჯონ დელეინი და ბეტო ო'რურკი; განსახლების და ურბანული განვითარების ყოფილი მდივანი ხულიან კასტრო; ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლასიო და ვაშინგტონის გუბერნატორი ჯეი ინსლი.
დებატები გაგრძელდება. ივლისში დებატებში მონაწილე კანდიდატებისთვის წაყენებული მოთხოვნა, რომელიც ან გამოკითხვებში მიღებულ ხმებს, ან საარჩევნო შემოწირულობების რაოდენობას ეფუძნება, არ შეიცვლება. დემოკრატთა ეროვნული კომიტეტის თქმით, მოგვიანებით, სექტემბრის და ოქტომბრის, მე-3 და მე-4 დებატებისთვის, კანდიდატებს ორივე პირობის შესრულება მოუწევთ, რათა საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ბრძოლაში მონაწილეობა გააგრძელონ. მათ ამ ეტაპზე, ბრძოლაში ადგილის შესანარჩუნებლად 2-პროცენტიანი რეიტინგი და მინიმუმ 130,000 შემომწირველი სჭირდებოდათ.
Facebook Forum