ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დებატებზე თეთრი სახლისთვის ბრძოლას დემოკრატების 20 კანდიდატი გააგრძელებს


დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის განცხადებით, პარტიის 20-მა კანდიდატმა პირველ საპრეზიდენტო დებატებში მოხვედრა მოახერხა. მონტანის გუბერნატორი სტივ ბალოკი და მასაჩუსეტსის კონგრესმენი სეტ მოულტონი ათობით სხვა დემოკრატს შორის აღმოჩნდნენ, ვინც დებატებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

საპრეზიდენტო კამპანიის პირველი დებატები 26-27 ივნისს, ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში გაიმართება და საშუალებას მისცემს თეთრ სახლში მოხვედრის მსურველ დემოკრატებს საკუთარი პლატფორმა ფართო საზოგადოებას გააცნონ. ამ დრომდე საარჩევნო კამპანიის სათავეში, გამოკითხვებით, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენია.

დებატების სპონსორები არიან: "ენ-ბი-სი", "ემ-ეს-ენ-ბი-სი" და "ტელემუნდო" (NBC, MSNBC, Telemundo). მონაწილეები დებატების ორივე დღისთვის ლატარიის გათამაშების შედეგად გადანაწილდა.

26 ივნისის დებატებში მონაწილეობას მიიღებენ: სენატორები: კორი ბუკერი, ემი კლობუჩარი და ელიზაბეტ უორენი; წარმომადგენელთა პალატის წევრები: ტულსი გაბარდი და ტიმ რაიანი; წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრები: ჯონ დელეინი და ბეტო ო'რურკი; განსახლების და ურბანული განვითარების ყოფილი მდივანი ხულიან კასტრო; ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლასიო და ვაშინგტონის გუბერნატორი ჯეი ინსლი.

27 მაისს დებატების სცენაზე იქნებიან: ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი; სენატორები: მაიკლ ბენეტი, კრისტენ გილიბრენდი; კამალა ჰარისი და ბერნი სანდერსი; საუთ ბენდის მერი პიტ ბუტეჯეჯი; კოლორადოს ყოფილი გუბერნატორი ჯონ ჰიკენლუპერი; კალიფორნიის წარმომადგენელთა პალატის წევრი ერიკ სუაველი; მწერალი მარიან უილიამსონი და ყოფილი ბიზნესმენი ენდრიუ იანგი.

ივლისის დებატებისთვიის კანდიდატებისთვის წაყენებული მოთხოვნა, რომელიც ან გამოკითხვებში მიღებულ ხმებს, ან საარჩევნო შემოწირულობების რაოდენობას ეფუძნება, არ შეიცვლება. მოგვიანებით, სექტემბრის და ოქტომბრის, მე-3 და მე-4 დებატებისთვის, დემოკრატთა ეროვნული კომიტეტის თქმით, კანდიდატებს ორივე პირობის შესრულება მოუწევთ, რათა საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ბრძოლაში მონაწილეობა გააგრძელონ. მათ ამ ეტაპზე, ბრძოლაში ადგილის შესანარჩუნებლად 2-პროცენტიანი რეიტინგი და მინიმუმ 130,000 შემომწირველი დასჭირდებათ.

ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „ქვინიპიკის" უნივერსიტეტის გამოკითხვით, 30 პროცენტიანი რეიტინგით 20 დემოკრატს შორის პირველ ადგილზეა. ხოლო, დემოკრატი ამომრჩევლის 19 პროცენტს ვერმონტელი სენატორი ბერნი სანდერსი მოსწონს. მესამე ადგილი, მასაჩუსეტსის შტატის სენატორს ელიზაბეტ უორენს უკავია 15 პროცენტით.

მეოთხე ადგილზე ინდიანის შტატის ქალაქ საუთ ბენდის მერი, პიტ ბუტეჯეჯია. მას 7 პროცენტით კალიფორნიელი სენატორი კამალა ჰარისი და 3 პროცენტით ტეხასელი კონგრესმენი ბეტო ო’რურკი მოჰყვებიან. სხვა დემოკრატ პრეტენდენტებს 1-პროცენტიანი ან უფრო ნაკლები მხარდაჭერა აქვთ პარტიის ამომრჩეველს შორის.

აიოვაში საარჩევნო კამპანიისას, ბაიდენმა საკუთარ გამოსვლაში პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ გალაშქრება გააგრძელა. ბაიდენისთვის ტრამპი მომავალ არჩევნებში მთავარი თემა იქნება. „ეს კაცია, რომელიც ყველაფერს აკეთებს ხალხის დასაყოფად და შესაშინებლად“, - თქვა მან.

ბაიდენი არც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დარჩენია უყურადღებოდ. „ჯო ვერასდროს ვერ იღებდა 1 პროცენტზე მეტს, იმ გამონაკლისით, რომ ობამამ ამოიღო სანაგვიდან“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ორშაბათს. „ისე ჩანს, რომ მარცხდება. მისი მემარცხენე მეგობრები მას მალევე ჩამოიტოვებენ უკან. თუმცა მისი მთელი კამპანია ტრამპმზე თავდასხმაა“, - თქვა პრეზიდენტმა.

თუმცა, გასულ კვირას გამოქვეყნებული „ქვინიპიკის“ უნივერსიტეტის კვლევით, ბაიდენის შანსები მაღალია. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ 2020 წლის არჩევნებში ბაიდენი პრეზიდენტ ტრამპს დაამარცხებს, 53 პროცენტით 40%-ის წინააღმდეგ.

ტრამპი დემოკრატი კანდიდატების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ რჩება. მის წინააღმდეგ ბაიდენთან ერთად, სანდერსმა, უორენმა, ბუტიჯიჯმა და ნიუ ჯერსის სენატორმა კორი ბუკერმა ბევრჯერ გაილაშქრეს. ეს ჯო ბაიდენისთვის სასარგებლოა, - ამბობს ვირჯინიის უნივერსიტეტის პოლიტიკური მიმომხილველი ლარი საბატო.

„[ამომრჩევლის] უმეტესობა საზოგადოებრივი აზრის მკვლევარებს ეუბნება, რომ მათ პირველ რიგში სურთ ვინმე, ვინც ტრამპს დაამარცხებს“, - ამბობს საბატო.

პრეზიდენტი ტრამპიც არ აყოვნებს და ხშირად პირადად ესხმის თავს ბაიდენს. ის მას ხან „დაღლილს“, ხან "მძინარეს“ უწოდებს. ამასთან, პრეზიდენტი დემოკრატიული პარტიის სხვა შესაძლო კანდიდატებსაც არ ივიწყებს და მათ იდეოლოგიურ რადიკალიზმში, ან სოციალისტური იდეებისკენ გადახრაში ადანაშაულებს.

„ყოველდღე დემოკრატიული პარტია უფრო და უფრო დაუბალანსებელი და უფრო და უფრო რადიკალური ხდება. გიჟდებიან. არ მოგწონთ ეს? მე რაღაცნაირად მომწონს“, - განუცხადა ტრამპმა რესპუბლიკელებს აიოვაში გამართულ შეხვედრაზე.

ტრამპის მიერ დემოკრატთა რადიკალებად შერაცხვა 2020 წლისთვის მისი სტრატეგიის დიდი ნაწილი იქნება, - ამბობს საბატო „რესპუბლიკელებს და ტრამპმს დემოკრატების ზედმეტი თავდაჯერებულობა სურთ. თუ ისინი ზედმეტად თავდაჯერებულნი იქნებიან, უფრო დიდი შანსია რომ ისინი ისეთ კანდიდატს წარადგენენ, რომელიც უფრო მარცხნივაა, რაც დემოკრატ აქტივისტებს გაახარებთ, მაგრამ 2020 წლის ნოემბერში მათთვის თითქმის მარცხის გარანტი გახდება“, - აღნიშნავს პოლიტოლოგი ვირჯინიის უნივერსიტეტიდან. „ეს არის ფარული მიზანი, რომელიც ტრამპის ბანაკიდან იკვეთება“, - ამბობს ის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG