პირველი მარცხი
ნომინაციისთვის მებრძოლ დემოკრატ საპრეზიდენტო კანდიდატებში ცვლილებებია: პრეტენდენტთა ხალხმრავალი მარათონი დატოვა ერიკ სუოლუელმა, კალიფორნიის კონგრესმენმა. "ეს ნიჭიერთა მოედანია და სწორედ ეს არის ჩვენთვის გამოწვევა" - უთხრა მან ჟურნალისტებს, რადგან ამ მოედანზე "ბევრი მძიმეწონიანი მოთამაშეა".
სუოლუელმა მაიამიში გამართულ დემოკრატთა დებატებზე პირველმა მიიტანა იერიში ჯო ბაიდენზე. მან ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს შეახსენა დიდი ხნის წინ ნათქვამი თავისივე სიტყვები. "ბაიდენი სწორი იყო, როცა 32 წლის წინ თქვა, რომ დადგა დრო, ჩირაღდანი ახალ თაობას გადავულოცოთ. ის დღესაც მართალია" - განაცხადა პირდაპირ ეთერში კალიფორნიის კონგრესმენმა, რითაც 76 წლის კანდიდატს მიანიშნა, რომ დროა თვითონაც დაუთმოს გზა ახალგაზრდა პრეტენდენტებს.
სუოლუელმა ბაიდენისგან პასუხად ღიმლიანი რეპლიკა მიიღო: "ჩირაღდანი ჯერ კიდევ მე მიჭირავს". ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი არ აჭარბებდა. მართალია, დებატების შემდეგ ძალთა ბალანსი მნიშვნელოვნად შეიცვალა და რეიტინგებში დიდი ნახტომით დაწინაურდნენ კამალა ჰარისი, კალიფორნიის სენატორი და ელიზაბეთ უორენი - სენატორი მასაჩუსეტსიდან, მაგრამ ბაიდენი კვლავ სიის სათავეშია და ისევ ლიდერობს ყველა გამოკითხვას. მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსიც.
ახალი კანდიდატი
დემოკრატ კანდიდატთა რიგებში კიდევ ერთი სიახლეა: მათ ახალი პრეტენდენტი შეემატათ. ეს არის ლიბერალი აქტივისტი, მილიარდერი ტომ სტიერი, რომელიც მარათონში 9 ივლისს ჩაერთო.
ოფიციალურ საკამპანიო ვიდეოში სტიერი ამბობს: "თუ გგონიათ, რომ რაღაც აბსოლუტურად კრიტიკულია, საქმეში მაქსიმალური მონდომება უნდა ჩადოთ და შედეგს დაელოდოთ. სწორედ ამას ვაკეთებ მე დღეს". სტიერი ყოველთვის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამორჩეული კრიტიკოსი იყო და გამუდმებით მისი იმპიჩმენტის აუცილებლობაზე საუბრობდა.
ბოლო გამოკითხვის შედეგები
საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი გლობალური ფირმის, "მორნინგ კონსალტის" მიერ ჩატარებული გამოკითხვაც აჩვენებს, რომ ბოლო დებატების შემდეგ, ბაიდენის პოპულარობა შეირყა, მაგრამ ის ლიდერობას მაინც ინარჩუნებს. გაცილებით დაწინაურდა კამალა ჰარისი, რომელმაც 9 ივლისს გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგებით, მესამე ადგილზე გადმოინაცვლა.
"მორნინგ კონსალტის" მონაცემებით, ბაიდენის რეიტინგი 31 პროცენტია, ბერნი სანდერსის - 19, კამალა ჰარისის - 14 და ელიზაბეთ უორენის - 13. მოწინავეთა რიგებში ასევე მოხვდნენ ბეტო ო'რურკი, ქალაქ საუთ-ბენდის მერი (3 %) და კორი ბუკერი, ნიუ-ჯერსის სენატორი (2%).
იგივე გამოკითხვა ადასტურებს, რომ დებატების შემდეგ, ბაიდენის პოპულარობა ფერადკანიან ამერიკელებშიც 8 პროცენტით დაეცა. თუმცა, ის აქაც ისევ ლიდერობს და ჯერ კიდევ 38-პროცენტიანი პოპულარობით სარგებლობს. სანდერსს ფერადკანიანებში 21 პროცენტიანი რეიტინგი აქვს, ჰარისს - 16%.
ანალიტიკოსები
პოლიტოლოგების აზრით, ერიკ სუოლუელის წასვლით, გაიხსნა დემოკრატი კანდიდატების მიერ მარათონის დატოვების სეზონი, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი იქნება. ჯიმ კესლერი ცენტრისტი დემოკრატების ჯგუფიდან "მესამე გზა" ვარაუდობს, რომ პრეტენდენტთა რიგები პირველ ეტაპზე 10 კანდიდატამდე შეთხელდება და ამაში დემოკრატებს ყველაზე უფრო დებატები დაეხმარება. პარტიას ამ ეტაპზე 20-ზე მეტი კანდიდატი ჰყავს.
"ვფიქრობ, უკვე მივედით იმ წერტილამდე, როცა ვატყობთ, რომ სულ 8-10 კანდიდატია, ვისაც დღეს [ნომინაციის] შანსი აქვს" - აღნიშნავს ანალიტიკოსი. ჯიმ კესლერის აზრით, ერთ-ერთი რამ, რაც პირველმა დებატებმა უკვე გააკეთა, არის ის, რომ დაგვანახა ნომინაციისთვის მებრძოლი კანდიდატები, რომლებიც აუტსაიდერები არიან და რომლებიც უნდა დაფიქრდნენ, ღირს თუ არა ბრძოლის გაგრძელება.
დემოკრატები თავიანთ რჩეულ კანდიდატს, პარტიის ნომინაციის მფლობელს, აიოვას კოკუსის შემდეგ, 2020 წლის თებერვალში დაასახელებენ. მანამდე კი, ლარი საბატოს, ვირჯინიის უნივერსიტეტის პოლიტოლოგის თქმით, მათ საკმარისი დრო აქვთ პარტიის შიგნით "მტრობის დასათესად" და საუკეთესოთა შორის საუკეთესოს გამოსავლენად. "ექნება კი ამ 20-ზე მეტი პრეტენდენტის გულშემატკივარს ერთი კანდიდატის გვერდში დგომის სურვილი, რომელიც ნომინაციას მიიღებს და მათ კანდიდატს დაამარცხებს? ეს პარტიისთვის უდიდესი გამოცდა იქნება" - ამბობს ლარი საბატო.
ამასობაში პარტია მომდევნო დებატებისთვის ემზადება. დემოკრატი კანდიდატების შემდეგი დებატები დეტროიტში, ივლისის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. მას ტელეკომპანია "სი-ენ-ენის" ჟურნალისტები გაუძღვებიან. სექტემბრის შუა რიცხვებში კი დებატები ჰიუსტონში გაიმართება.
Facebook Forum