ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს დემოკრატთა პირველი დებატები გაიმართება


დღეს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატების პირველი დებატები გაიმართება. დებატები ორი დღის განმავლობაში-26 და 27 ივნისს ფლორიდის შტატში, ქალაქ მაიამიში გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატების უმეტესობა შტატებში შეხვედრებს უკვე რამდებიმე თვეა ატარებს, ეს იქნება პირველი შესაძლებლობა დემოკრატი ამომრჩევლისთვის, ერთდროულად ყველა კანდიდატს მუსმინოს და გადაწყვიტოს, ვინ გახდეს პარტიის ნომინანტი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. დებატებს ტელეეკრანებიდან თვალს მილიონობით ადამიანი ადევნებს.

პირველ დღეს პოპულარული კანდიდატებიდან დებატებში მონაწილეობას მიიღებენ სენატორი ელიზაბეტ უორენი, კორი ბუკერი და ემი კლობუჩარი, ასევე ყოფილი კონგრეტმენი ბეტო ო'რურკი.

თუმცა გამოკითხვების ლიდერი, ჯო ბაიდენი შეკითხვებზე პასუხს ხვალ გასცემს. მასთან ერთად იქნებიან დემოკრატ ამომრჩეველში ასევე ძლიერ პოპულარული ვერმონტელი სენატორი ბერნი სანდერსი და კალიფორნიელი სენატორი კამალა ჰარისი. ასევე, საუთ ბენდის მერი პიტ ბუტეჯეჯი.

ჯანდაცვა, აბორტი, საგარეო პოლიტიკა, იმიგრაცია, გადასახადები და სხვა საკითხებზე დღეს და ხვალ კანდიდატებს ბევრ შეკითხვას დაუსვამენ, თუმცა გარდა ამისა, დემოკრატ ამომრჩეველს სურს, გადაწყვიტოს, ვინ არის ის პოლიტიკოსი, რომელიც 2020 წლის 3 ნოემბერს მოქმედი პრეზიდენტის დამარცხებას შეძლებს.

დღევანდელი დღის მიმართ კი განსაკუთრებით დიდი ინტერესია. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მთავარი, რაც დღეს გამოჩნდება ისაა, თუ რა სტრატეგიას ირჩევენ კანდიდატები, დაესხმებიან ერთმანეთს თავს თუ პირიქით, პრეზიდენტ ტრამპის წინაარმდეგ მიმართავენ პოლიტიკურ კრიტიკას.

XS
SM
MD
LG