ამერიკის დედაქალაქში, შესაძლო არეულობის მოლოდინში, ეროვნული გვარდია მიიწვიეს. 6 იანვარს ვაშინგტონში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერების დემონსტრაცია იგეგმება, რომელიც ოთხშაბათს კონგრესში არჩევნების შედეგების სერტიფიცირების უკავშირდება.
ტრამპის მხარდამჭერები ვაშინგტონში სამშაბათს და ოთხშაბათს აქციის გამართვას გეგმავენ, პრეზიდენტ ტრამპის განცხადებების მხარდასაჭერად, რომ მის წინააღმდეგ არჩევნები გააყალბეს.
„ბევრი ადამიანი გეგმავს ჩვენს ქალაქში შეიარაღებული გამოჩენას“, - განაცხადა ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.
დეკემბერში ტრამპის მხარდამჭერ აქციაზე, „შავების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ აქტივისტების გამოჩენას ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება მოჰყვა. იყვნენ დაშავებულებიც.
ორშაბათს, ვაშინგტონის პოლიციამ, „ამაყი ბიჭების“, ტრამპის მხარდამჭერი ჯგუფის ლიდერი, 36 წლის ჰენრი ტარიო დააკავა. დეკემებერში, მან ვაშინგტონის ცენტრში მდებარე შავკანიიანებისთვის ისტორიული მნიშვნელობის მქონე ეკლესიის ფასადიდან „შავების სიცოცხლე მნიშვნელოვანიას“ ბანერი ჩამოაგდო.
ტარიოს სიძულვილის დანაშაულსა და საკუთრების ხელყოფას ედავებიან. ტარიოს ასევე ემუქრება იარაღის ტარებასთან დაკავშირებული ბრალდებები, მას შემდეგ რაც პოლიციამ აღმოაჩინა, რომ მას ავტომატური იარაღის ორი მჭიდი ჰქონდა თან.
ტრამპმა მხარი დაუჭირა ამ კვირის პროტესტს და მიანიშნა, რომ მასში შესაძლოა პირადადაც მიიღოს მონაწილეობა.
„იქ ვიქნები, ისტორიული დღეა“, - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.
პროტესტის მოლოდინში, ვაშინგტონში ბიზნესებმა საკუთარი ფასადები აჭედეს. ვაშინგტონის მერმა კი ქალაქში ეროვნული გვარდიის გაგზავნა ითხოვა. მან ქალაქის მკვიდრებს მოუწოდა, რომ ვაშინგტონის ცენტრს მოერიდონ და თავიდან აიცილონ იმ პირებთან დაპირისპირება, რომელთაც „ჩხუბი სურთ“.
„ჩვენ არ დავუშვებთ ძალადობის წახალისებას, ჩვენი ქალაქის მცხოვრებლების დაშინებას ან ჩვენი ქალაქის დანგრევას“, - განაცხადა მურიელ ბაუზერმა.
ვაშინგტონის პოლიციამ ქალაქში გაფრთხილებები განათავსა, რომლებიც ამბობს, რომ კოლუმბიის ოლქში იარაღის ტარება დაშვებული არ არის.
აქციის ორგანიზატორები 5 იანვარს დღის პირველ საათზე „თავისუფლების პლაზაზე“ დემონსტრაციას გამართავენ. საპროტესტო გამოსვლები ასევე 6 იანვარს, მთელი დღის განმავლობაშია დაგეგმილი, მათ შორის, 1 საათზე კაპიტოლიუმის შენობის წინ.
აქციაში მონაწილეობას ტრამპის ცნობილი მხარდამჭერებიც მიიღებენ, მათ შორის, ტეხასელი იურისტი, გენერალი კენ პაქსტონი და როჯერ სტოუნი, რომელიც ტრამპმა ცოტა ხნის წინ შეიწყალა.
Facebook Forum