ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის პიკმა გადაიარა და შეზღუდვების მოხსნა დაიწყო


საშობაოდ განათებული კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკა
საშობაოდ განათებული კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკა

ომიკრონის სწრაფი გავრცელებით გამოწვეულმა მეოთხე ტალღის პიკმა სამხრეთ აფრიკაში უკვე გადაიარა - აცხადებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო. მთავრობამ ხუთშაბათს გადაწყვიტა, ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოეხნა. რეგულაცია ძალაში მისი გამოცემისთანავე შევიდა. საჯარო შეკრების ლიმიტი ამ ეტაპზე შენობებში 1, 000 ადამიანია, გარეთ - 2, 000. ნიღბების ტარება შენობებში აუცილებელია და ამ წესის დარღვევა მკაცრად ისჯება.

"იმის მიუხედავად, რომ ომიკრონის ვარიანტი მაღალი გავრცელებით გამოირჩევა, ახლა ჰოსპიტალიზაციის უფრო დაბალი მაჩვენებლებია, ვიდრე [კოვიდ-19-ის] წინა ტალღების დროს" - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სამხრეთ აფრიკის მთავრობის კაბინეტის საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ, ხუთშაბათსვე გამოქვეყნდა.

შეზღუდვების შემსუბუქების თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილება ვაქცინაციის მონაცემებზე, საწოლფონდების რაოდენობაზე, პანდემიის ტრაექტორიაზე და მომავლის პროგნოზებზე დაყრდნობით მიიღეს. "ყველა ინდიკატორი მიანიშნებს, რომ ქვეყანამ ეროვნულ დონეზე შესაძლოა უკვე გადალახა მეოთხე ტალღის პიკი" - წერია ოფიციალურ განცხადებაში.

ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, კოვიდ-19-ის ახალი, დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა, წინა კვირასთან შედარებით, 29.7%-ით დაიკლო.

ამ ეტაპზე სამხრეთ აფრიკაში აღრიცხული კორონავირუსით ინფიცირება 3.5 მილიონს აჭარბებს. კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაიცვალა 91 000 ადამიანი. ამ ორივე მონაცემის მიხედვით, ის ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა აფრიკის კონტინენტზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG