ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილადელფია პირველი დიდი ქალაქია ამერიკაში, სადაც ნიღბის ტარება ისევ სავალდებულო ხდება


აბრა მაღაზიის ვიტრინაში პირბადის ტარების მოთხოვნით. ფილადელფია, აშშ.
აბრა მაღაზიის ვიტრინაში პირბადის ტარების მოთხოვნით. ფილადელფია, აშშ.

ამერიკის ყოფილი დედაქალაქი და ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი ახალ კოვიდ-შეზღუდვებს აწესებს. ფილადელფია 18 აპრილიდან მოითხოვს, რომ საჯარო ადგილებში, როგორიცაა სკოლები, რესტორნები, თუ სხვა ბიზნესები, მოსახლეობამ ისევ პირბადეები ატაროს.

ეს გადაწყვეტილება კორონავირუსით ინფიცირების ახალი მზარდი მონაცემებითაა გამოწვეული, რომელიც არ არის გამორიცხული, რომ ახალ ტალღად გადაიქცეს. ქალაქის მთავრობამ განცხადება ორშაბათს გააკეთა, რის შემდეგაც ფილადელფია ამერიკის პირველი დიდი ქალაქი გახდა, სადაც ნიღბის ტარება კვლავ სავალდებულო ხდება.

აპრილის დასაწყისიდან ფილადელფიაში ინფიცირება 50%-ით გაიზარდა, ბოლო ერთ კვირაში კი თითქმის - 70%-ით. ჰოსპიტალიზაცია, რომელიც როგორც წესი, რამდენიმე კვირით ჩამორჩება ინფიცირების მონაცემის ზრდას, ჯერჯერობით სტაბილურია - აცხადებს ქალაქის ჯანდაცვის კომისარი შერილ ბეტიგოლი. "ისე ჩანს, რომ შესაძლოა კოვიდის ახალი ტალღის წინაშე აღმოვჩნდეთ, როგორც ეს ევროპაში ახლა ხდება" - თქვა მან ორშაბათს გამართულ პრესბრიფინგზე.

მთელი პანდემიის განმავლობაში ევროპაში კორონავირუსის ტალღები უმეტესად რამდენიმე კვირით უსწრებდა შეერთებულ შტატებს. "გადაცემის ამ დონეზე, არ გვგონია, რომ პანიკის მიზეზი არსებობდეს, ან იმ აქტივობებისთვის თავის არიდების საჭიროება იყოს, რისი კეთებაც გვინდა... ქალაქი გახსნილი რჩება" - აცხადებს შერილ ბეტიგოლი.პ

მთლიანად ამერიკის მასშტაბით ინფიცირება ბოლო ერთ კვირაში 10%-ით გაიზარდა. ჰოსპიტალიზაციამ კი 6%-ით იკლო. ეპიდემიოლოგები ინფიცირების მატებას ომიკრონის კიდევ უფრო გადამდებ ქვევარიანტს, BA.2-ს უკავშირებენ. ამ ეტაპზე ომიკრონი შეერთებულ შტატებში კვლავ დომინანტურ ვარიანტად რჩება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG