"ასოშეითედ პრესმა" შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ერისადმი მიმართვაში რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა იპოვა. 1 მარტის გამოსვლა ძირითადად უკრაინაში რუსეთის შეჭრას და კოვიდ-19-ის პანდემიის გამო გართულებულ, ქვეყნის შიდა პრობლემებს მიძღვნა. შეცდომა იყო დაშვებული ოპოზიციის საპასუხო მიმართვაშიც, რომელიც რესპუბლიკელმა კანონმდებელმა კიმ რეინოლდსმა გააკეთა.
ბაიდენის გამოსვლა
ბაიდენი - ამერიკაში კოვიდ-19-ის "მწვავე შემთხვევები ისეთ დონეზე შემცირდა, რომლის მსგავსი გასული წლის ივლისიდან არ გვინახავს".
ფაქტები - პრეზიდენტმა გადააჭარბა. მართალია, ჰოსპიტალიზააციის მონაცემები შემცირდა, მაგრამ კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილობა ჯერ კიდევ მაღალ დონეზეა. მაგალითად, გასული წლის 1 ივლისს, დაავადების გამწვავებებით 289 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, გასულ ორშაბათს გარდაცვლილთა მონაცემი 1 985 იყო.
ბაიდენი - კომპანია "ინტელი" ოჰაიოში ახალ საწარმოებს ხსნის. "8-მდე მოწინავე საწარმო ადგილზეა, 10 000 ახალი სამუშაო ადგილით".
ფაქტები - განცხადება წინსწრებითაა გაკეთებული და არასწორია. ამდენი საწარმო ოჰაიოში ჯერ არ გახსნილა და შეიძლება არც კი აშენდეს. წლის დასაწყისში "ინტელმა" განაცხადა, რომ 2 საწარმოს აშენებს, სადაც 3 000 ადამიანს დაასაქმებს. დანარჩენი 7 000 ადამიანი დროებით სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმდება. წელს ჩიპების კიდევ ერთი საწარმოს მშენებლობა იგეგმება. მომავალში, შემდეგი 10 წლის მანძილზე, "ინტელი" დამატებით 6 საწარმოს აშენებას აპირებს. საბოლოო ჯამში კი ყველა ამ საწარმოში 10 000 ადამიანი დასაქმდება.
ბაიდენი - ინფლაციასთან საბრძოლველად საჭიროა "მეტი ინფრასტრუქტურა და ინოვაცია ამერიკაში... უცხოეთიდან მომარაგებაზე დაყრდნობის ნაცვლად, მოდით, [პროდუქცია] ამერიკაში დავამზადოთ".
ფაქტები - საეჭვოა, პროდუქციის შინ წარმოებამ, ამერიკაში ინფლაცია შეამციროს. ჩინეთში, მექსიკაში და სხვა ქვეყნებში დამზადებული პროდუქტი, სადაც იაფი მუშახელია, უმეტესად გაცილებით იაფია, ვიდრე ამერიკაში ნაწარმოები პროდუქცია. ამას გარდა, ინფლაცია ისეთ სფეროებზეც აისახება, რომლებიც უცხოეთში წარმოებასთან არ არის დაკავშირებული. ასეთია მაგალითად - ბინის ქირის გაძვირება.
ბაიდენი - "ცეცხლსასროლი იარაღის წარმოება ერთადერთი ინდუსტრიაა ამერიკაში, რომელსაც ვერ უჩივლებ, ერთადერთი".
ფაქტები - ეს არასწორია. მართალია, იარაღის მწარმოებლები კანონით დაცულები არიან ისეთ ზიანზე პასუხისმგებლობისგან, რომელიც მათი იარაღის კრიმინალური გამოყენებითაა გამოწვეული, მაგრამ ჩივილისგან ისინი ბოლომდე დაცულები არ არიან. მეწარმეთა დაცვისთვის 2005 წელს მიღებულ კანონში 6 გამონაკლისია, რომელიც მათ დამცავ ფარში ხვრელებს აჩენს. მაგალითად, ჩივილი შესაძლებელია და მომხდარა კიდეც იარაღის დეფექტის, ან გარანტიების გამო.
ბაიდენი - ინფრასტრუქტურის კანონი "უდიდესი ერთჯერადი ინვესტიციაა ისტორიაში, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა".
ფაქტები - ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. ბაიდენის ინფრასტრუქტურის კანონპროექტი მართლაც ძალიან დიდი იყო, მაგრამ ამერიკის ეკონომიკის მოცულობასთან პროპორციაში, 2%-ით ნაკლებია, ვიდრე ორი კანონპროექტი, რომლებიც გასული საუკუნის 70-იან და 80-იან წლებში მიიღეს.
ოპოზიციის პასუხი
კიმ რეინოლდსი - "ჩვენ უშუალოდ [მექსიკის] საზღვარზე ჩავედით. ეს ოფისის დაკავებიდან დღემდე არ გაუკეთებია არც ჩვენს პრეზიდენტს და არც ვიცე-პრეზიდენტს".
ფაქტები - ეს არ არის სიმართლე. ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ტეხასში, მექსიკის საზღვართან გასულ წელს ჩავიდა. ელ-პასოს საკონტროლო-გამშვებ ცენტრში ის მიგრანტ ბავშვებს შეხვდა.
Facebook Forum