ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორონავირუსი- რა მდგომარეობაა ამერიკაში


დაავადების, თითქმის 90,000 შემთხვევა, 3,000-ზე მეტი დაღუპული და 30-ზე მეტი ქვეყანა, სადაც ინფექციაა გავრცელებული. ასე გამოიყურება კორონავირუსი (კოვიდ-19) ციფრებში. თუმცა, ციფრები, მუდმივად, იცვლება. ვირუსით დაავადებისა და გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ორშაბათ საღამოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვალების მეექვსე შემთხვევა დადასტურდა. გარდაცვალება მხოლოდ ვაშინგტონის შტატში დაფიქსირდა, თუმცა დაავადების 100-ზე მეტი შემთხვევა უკვე 15 შტატში დააფიქსირეს.

ოფიციალური ინფორმაციით, ამერიკაში ამ ეტაპზე, კორონავირუსის 102 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან:

45 კრუიზ „ბრილიანტის პრინცესას“ ყოფილი მგზავრია. ეს ის კრუიზია, რომელიც იაპონიაში 2 კვირის განმავლობაში კარანტინში იყო მოქცეული. მგზავრებს ხომალდის დატოვების საშუალება არ ჰქონდათ.

3 პაციენტი ვუჰანში მოგზაურობდა და ამერიკაში დაბრუნების შემდეგ აღმოაჩნდა ვირუსი;

17 პაციენტს, სავარაუდოდ ვირუსი მოგზაურობის დროს შეეყარა;

37 პაციენტი ამერიკაში სხვა ადამიანისგან დაავადდა, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა არ იცის, ვისგან შეიძლებოდა, რომ ეს დაავადება გადასდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა, პრეზიდენტი ტრამპი თვლის, რომ ქვეყანაში საგანგებო ვითარების გამოცხადება, ან რაიმე სპეციალური შეზღუდვების დაწესება ნაადრევია. "არ მგონია, ეს საჭირო იყოს, რადგან მართლა ვფიქრობ, რომ ჩვენ განსაკუთრებით კარგ ფორმაში ვართ" - თქვა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. "ყველაფრისთვის მზად ვართ. და თუ საჭირო გახდა, ამის გაკეთება მომავალშიც ყოველთვის შეგვიძლია" - დაამატა პრეზიდენტმა.

ქვეყანაში შექმნილია ვირუსთან ბრძოლის სოციალური ჯგუფი, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ხელმძღვანელობს. პრეზიდენტმა, კი კონგრესს ვირუსთან საბრძოლველად 2,5 მილიარდი დოლარი მოთხოვა, თუმცა დემოკრატები თვლიან, რომ ამ დავადებასთან საბრძოლველად, ბევრად მეტი იქნება საჭირო და სავარაუდო ციფრად, 8,5 მილიარდ დოლარს ასახელებენ.

„ამერიკის ხმასთან“ საუბარში, ექიმმა ჯენიფერ ნაზომ, ჯონს ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრიდან, ტრაპის ადმინისტრაციის მზაობა და სტრატეგია შეაფასა კორონავირუსთან ბრძოლაში: „ვფიქრობ, ჩვენ რამდენიმე ასპექტში, ნამდვილად, ძლიერები ვართ. სახელმწიფო და ადგილობრივი დეპარტამენტები ძალიან კარგად მუშაობდნენ მას შემდეგ, რაც პირველი შემთხვევა დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში. ზოგიერთი ინსტანცია გვაფრთხილებდა კიდეც, რომ ახალი შემთხვევები დაფიქსირდებოდა და ეს ჩვენი ყველაზე ძლიერი აქტივია. ძალიან ვამაყობ იმ ლიდერებით, ვინც დამატებითი რესურსები მოითხოვა და საქმის საკეთებლად დახმარება ითხოვა და ასევე, მიგვითითა, ჩვენს არსებულ რესურსებში სად იყო დეფიციტი,“ განაცხადა ნაზომ.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი (CDC) აცხადებს, რომ მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტი შემთხვევის დაფიქსირება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. CDC-ში ვარაუდობენ, რომ ვირუსი შტატებშიც ფართოდ გავრცელდება. ცენტრში ამბობენ, რომ ვირუსის ფართოდ გავრცელების შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების ცენტრები გადაივსება, სკოლები და საჯარო დაწესებულებები კი, სავარაუდოდ, უნდა დაიხუროს.

„ამ ეტაპზე, არ არსებობს კოვიდ-19-ისგან დამცავი ვაქცინა და არცერთი მედიკამენტით არაა ნებადართული მისი მკურნალობა. არაფარმაცევტული ინტერვენციები იქნება ყველაზე ეფექტური სტრატეგია“, ვკითხულობთ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის საიტზე.

ვაქცინის შემუშავებაზე კი მეცნიერთა ჯგუფები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობენ, მათ შორის, ამერიკაშიც. მაგალითად მერილენდში მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც კოვიდ-19-ის ვაქცინის შექმნაზე მუშაობს მთლიანად ქალებითაა დაკომპლექტებული. ქალებმა ვაქცინაზე მუშაობა 10 იანვარს დაიწყეს და დღემდე აგრძელებენ მუშაობას. ტესტირებების მთელი სერია ჯერ კიდევ წინაა, თუმცა ქალების ჯგუფს უკვე აქვს შემუშავებული 3 სავარაუდო ვაქცინა.

ჯერ არავინ იცის რა მასშტაბებს მიიღებს კორონავირუსი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. უსაფრთხოების ნორმებისთვის კი ექიმები და ექსპერტები ისევ იმავეს გვირჩევენ, რასაც სხვა ვირუსების შემთხვევაში: ხშირად და სწორად დავიბანოთ ხელები და ავად ყოფნის შემთხვევაში მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას.

XS
SM
MD
LG