სამხრეთ კორეამ დღეს კორონავირუსის 231 ახალი შემთხვევა დაადასტურა. ჯამში, ქვეყანაში ინფიცირების 833 და დაღუპვის 7 ფაქტი აღირიცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთის საზღვრებს გარეთ, ყველაზე მეტი შემთხვევა იქ ფიქსირდება.
სამხრეთ კორეაში განგაშის ხარისხი წითელ, უმაღლეს ნიშნულზე გამოცხადდა. ქვეყნის პრეზიდენტი მუნ ჯე ინი ვირუსის გავრცელების შესაკავებლად "უპრეცედენტოდ ძლიერი ზომების" გატარებას ითხოვს. "მომდდევნო რამდენიმე დღე კრიტიკული იქნება" - თქვა მან საგანგებოდ მოწყობილი სამთავრობო შეხვედრის შემდეგ.
იტალიაში უსაფრთხოების ისეთ ზომებს იღებენ, როგორიც აქამდე მხოლოდ ჩინეთში იყო გატარებული. დღეს რომმა გამოაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის (კოვიდ-19) უკვე მეოთხე მსხვერპლი დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რაოდენობა 150-ს აჭარბებს.
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტეც "ექსტრაორდინალურ ზომებზე" საუბრობს, რათა ინფექციის გავრცელება შეჩერდეს. იტალიაში გაუქმდა ყველა საკარნავალო ღონისძიება, საკონცერტო თუ თეატრალური წარმოდგენა, მათ შორის, ლასკალაში. ქვეყანაში დახურულია სკოლები და უმაღლესი სასწავლებლებიც. მილანში და მის გარეუბნებში 50 000-ზე მეტ ადამიანს უთხრეს, რომ სახლებში დარჩნენ და გარეთ არ გავიდნენ. დაკეტილია მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.
ჩინეთი კორონავირუსით ინფიცირების 409 ახალი შემთხვევის შესახებ იუწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადებულთა საერთო რაოდენობა 77 ათასს აჭარბებს. ახალი ფაქტების უმეტესი ნაწილი ისევ ჰუბეის პროვინციაში, ინფექციის აფეთქების ეპიცენტში ფიქსირდება.
დაღუპულთა რაოდენობა ჩინეთში დღეს 150 იყო, ჯამში, ამ წუთისთვის - 2 592. ჩინეთის ფარგლებს გარეთ დაღუპულია 25 და ინფიცირებულია 2 000-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის, ვითარება რთულდება ირანში, სადაც დღეს სახელმწიფო ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ კორონავირუსის მსხვერპლი 12-მდე გაიზარდა. დღეს ქუვეითმა ინფიცირების პირველ შემთხვევაზე გაავრცელა ინფორმაცია. ავსტრიაში 2 საეჭვო შემთხვევის გამო, მატარებლის მოძრაობა მთლიანად გაჩერდა.
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი ოლივიე ვერანი ამბობს, რომ ევროპელ კოლეგებთან ერთად, ის მალე განიხილავს ევროპის კონტინენტზე ეპიდემიის შესაძლო გავრცელებას და მასთან გამკლავების გზებს. "ამაღამ საფრანგეთში ეპიდემია არ არის. თუმცა, მეზობელ იტალიაში პრობლემური სიტუაციაა, რომელსაც დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს" - განაცხადა მან კვირას საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი, შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ვირუსი უკვე ისეთ ქვეყნებში ვრცელდება, რომელთაც ჩინეთთან პირდაპირი კავშირი არ აქვთ. შაბათს მან თქვა, რომ ვირუსის შეკავების შანსები თანდათან მცირდება, იმის მიუხედავად, რომ ჩინეთის ფარგლებს გარეთ "შედარებით" მცირე რაოდენობის შემთხვევები ფიქსირდება.
Facebook Forum