ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაივანში ინფიცირების მაჩვენებელი ნულს უახლოვდება, მაგრამ შეზღუდვები ძალაშია


ტაივანში ყოველდღე კოვიდ-19-ით ინფიცირების მხოლოდ 1-დან 6 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. თუმცა, კუნძულის ხელისუფლება შეზღუდვების შემსუბუქებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს, რადგან ამ შეზღუდვებით ვირუსის გავრცელების შენელება მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა.

5 აპრილს ქვეყანაში მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 26 მარტის შემდეგ კი ყოველ მეორე დღეს ტაივანის ეპიდემიოლოგიური ცენტრი სულ 6-მდე ახალი შემთხვევის შესახებ იუწყებოდა. ორშაბათს კი ინფიცირებულთა რაოდენობა 5 იყო. ჯამში ქვეყანაში 393 ადამიანია ავად, 6 - გარდაიცვალა, 114 კი - გამოჯანმრთელდა.

ჰუანგ ჩანგ-ტაი, ჩანგ გუნგის მემორიალური ჰოსპიტლის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის ექიმი და პროფესორი ამბობს, რომ უსაფრთხოების ზომების გაგრძელება მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანაში შემოსულმა პირებმა კვლავ არ შემოიტანონ ვირუსი და მისი ხელახალი გავრცელება არ მოხდეს:

"ტაივანის სიტუაცია ახლა ძალიან კარგად მიიჩნევა და ჩვენ ამოვისუნთქეთ, მაგრამ ვუყურებთ მსოფლიოს სიტუაციასაც და არ უნდა დავნებდეთ. ჩვენ რომ ახლა კარგად ვართ, იმისთვის, რომ ხვალ და ზეგაც კარგად ვიყოთ, სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ და არ უნდა უგულებელვყოთ ის. ეპიდემია გადავლილი არ არის", - ამბობს ის.

ტაივანში ინფიცირებულთა უმეტესობისთვის დაავადება სწორედ მგზავრობას უკავშირდება. ამჟამად კვლავ აკრძალულია საერთაშორისო ვიზიტორების ქვეყანაში შემოშვება, სკოლები მუშაობს, თუმცა აქ მოსწავლეებს ყოველდღე სიცხეს უზომავენ და კლასგარეშე აქტივობები აკრძალულია. მაღაზიებში, ბანკებსა და ოფისებში მომხმარებლებს სთხოვენ მეტრნახევარი დისტანცია დაიცვან ერთმანეთს შორის და ატარონ ნიღბები. დახურულ სივრცეში 100 კაცზე მეტის შეკრება არ შეიძლება.

ტაივანმა სხვა აზიელ მეზობლებთან შედარებით, ჩინეთთან მიმოსვლა ყველაზე ადრე შეაჩერა და დადასტურებულ პაციენტთა კონტაქტების ძიებაზე დიდი ძალისხმევა გასწია. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი არ ამბობს, როდის მოიხსნება შეზღუდვები, თუმცა ადასტურებს, რომ ქვეყანა ახლა "სტაბილურ ფაზაშია".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG