დასავლეთის ქვეყნებში კორონავირუსის (კოვიდ-19) პირველი მსხვერპლი აღირიცხა. ეს არის 80 წლის ტურისტი, რომელიც პარიზში, საფრანგეთის დედაქალაქში, ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან ჩავიდა. მისი სახელი და გვარი მედიისთვის ცნობილი არ არის.
ჩინელი მამაკაცი საავადმყოფოში 25 იანვარს მოათავსეს. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მალევე დამძიმდა და ის დიდი ხანი იმყოფებოდა კრიტიკულ მდგომარეობაში. ინფიცირებულია მისი ქალიშვილიც, თუმცა ამ უკანასკნელმა მკურნალობის კურსი წარმატებით გაიარა და საავადმყოფოდან მალე გამოწერენ.
პარალელურად, ინფიცირების პირველი შემთხვევა აღინიშნა აფრიკის კონტინენტზე. ინფორმაციას ეგვიპტის ოფიციალური პირები ავრცელებენ.
ჩინეთში დღეს დაღუპულთა რაოდენობა 143 ადამიანით გაიზარდა და ახლა 1 500-ს აჭარბებს. ერთ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობამაც 2 641-ით მოიმატა და ახლა 67 000-ზე მეტია.
ახალი ფაქტების უმეტესი ნაწილი ჰუბეის პროვინციაში აღირიცხა. ჩინეთმა კარანტინის რეგულაციები კიდევ უფრო გაამკაცრა.
პეკინთან მოლაპარაკების საფუძველზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთში ექსპერტთა ჯგუფს მიავლენს. ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, მისია ჩინეთში ამ უქმეებზე ჩავა. პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ ექსპერტები "განსაკუთრებული ყურადღებით შეისწავლიან ვირუსის გადაცემის საკითხს, დაავადების სიმწვავეს და მიღებული ზომების შედეგებს".
შეერთებული შტატები აცხადებს, რომ იაპონიის ერთ-ერთ პორტში 5 თებერვლის შემდეგ გაჩერებული საკრუისო ლაინერიდან, ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნიდან გაიყვანს. გემი კოვიდ-19-ის გავრცელების გამო, 10 დღეა კარანტინში იმყოფება და მგზავრებს ხმელეთზე გადასვლის საშუალება არ აქვთ. ინფიცირებულთა რაოდენობა 300-ს აჭარბებს.
განცხადება იაპონიაში აშშ-ის საელჩომ გააკეთა. ევაკუაციის შემდეგ, ამერიკის 400-მდე მოქალაქეს კიდევ ერთი კარანტინი ელოდებათ, რომელიც სულ ცოტა, 2 კვირა გასტანს.
ამერიკის მთავრობის რეკომენდაცის მიხედვით და სიფრთხილის სათანადო ზომების დაცვით, ამერიკის მოქალაქეები უნდა გადმოსხან ხომალდიდან და გადაიყვანონ შეერთებულ შტატებში შემდგომი დაკვირვებისთვის - ნათქვამია საელჩოს წერილობით განცხადებაში. ეს ყოველივე უნდა განხორციელდეს "შეერთებული შტატების მოქალაქეების მიმართ მთავრობის პასუხისმგებლობის შესრულებისთვის, ჩვენი წესების და გამოცდილების მიხედვით, ასევე - იაპონიის ჯანდაცვაზე დაკისრებული ტვირთის შესამსუბუქებლად " - აცხადებს საელჩო.
Facebook Forum