ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორონავირუსის გამო ირანში ლოცვები მეორე კვირაა არ ტარდება 


კორონავირუსის გამო ირანში უკვე მეორე კვირაა ლოცვები არ ტარდება. გადაწყვეტილება ოფიციალურმა თეირანმა მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულთა და დაღუპულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

კორონავირუსის გამო ლოცვების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება გასული კვირის ხუთშაბათს მიიღეს და გადაწყვეტილება კვლავ ძალაში რჩება. სალოცავები უკვე დაამუშავეს სპეციალური ხსნარებით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ირანში კორონავირუსით 92 ადამიანია დაღუპული.

კორონავირუსი პრობლემებს ქმნის იტალიაშიც, სადაც 79 ადამიანია დაღუპული. ქვეყანაში ეკლესიები ჯერ არ დახურულა, თუმცა გასულ კვირას რომის პაპმა, საკვირაო ქადაგებაში მონაწილეობა არ მიიღო. მიზეზი პაპი ფრანცისკეს ავადმყოფობა იყო. პაპს ტესტი კორონავირუსზე აუღეს თუმცა, მას ვირუსი არ დაუდასტურდა. იტალიაში ცოტა ხნის წინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ორი კვირის განმავლობაში სკოლები და უნივერსიტეტები დაიხუროს.

სკოლები და საბავშვო ბაღები დახურულია საქართველოშიც, თუმცა ლოცვების შეჩერებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს გადაწყვეტილება არ მიუღია. საზოგადოების ნაწილის მოთხოვნა, რომ ზიარება ეკლესიაში ერთჯერადი კოვზებით მომხდარიყო კრიტიკის მიზეზი გახდა. საპატრიარქოს აღნიშნული ინიციატივა ჯერ არ გაუთვალისწინებია.

საქართველოში ღიაა მეჩეთებიც და მათი დროებით დახურვა არ იგეგმება. "მლოცველებისთვის გაიცა რეკომენდაციები, რომ თავი შეიკავონ ჩახუტებისგან და ხელის ჩამორთმევისგან," - ამბობს, ნეტგაზეთთან საუბრის დროს საქართველოს მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე.

ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია კი ზიარების რაოდენობის შემცირებაზე ფიქრობს. ეკლესიაში არ გამორიცხავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მსახურების შეჩერებაც მოხდეს.

ოფიციალური მონაცემებით საქართველოში კორონავირუსი 3 ადამიანს დაუდასტურდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG