ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონ-ტრამპის დუელი დაიწყო


შეერთებულ შტატებში პრაიმერების სეზონი თითქმის დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, შედეგად კიდევ ერთი ისტორიული მომენტი მივიღეთ: პირველად ამერიკის ისტორიაში, ერთ-ერთი წამყვანი პარტიის ნომინაციის და შესაბამისად, ამერიკის პრეზიდენტობის შანსი, ქალს ეძლევა.

სამშაბათის პრაიმერებში გამარჯვებით, ჰილარი კლინტონმა დემოკრატიული პარტიის ნომინაცია თითქმის გაინაღდა და ახლა უკვე შეუძლია ყურადღება მთლიანად დონალდ ტრამპზე, რესპუბლიკელთა სავარაუდო ნომინანტთან ბრძოლაზე გადაიტანოს. სიტყვა „სავარაუდოს“ გამოყენება როგორც ტრამპტან, ისე კლინტონთან მიმართებაში კიდევ დაახლოებით ერთი თვე მოგვიწევს, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას ორივე პარტია ივლისში დაგეგმილ კონვენციებზე მიიღებს. დემოკრატიული პარტია კონვენციას, იგივე ყრილობას, პენსილვანიის შტატის ქალაქ ფილადელფიაში გეგმავს, რესპუბლიკელები კი - ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში.

კლინტონს ისტორიული შანსი ეძლევა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:04 0:00

„ამ საღამოს გამარჯვება ერთ ადამიანს არ ეკუთვნის. არამედ იმ ქალების და მამაკაცების თაობათა კუთვნილებაა, რომელთაც ბევრი წვალების და მსხვერპლშეწირვის შედეგად, ეს მომენტი რეალური გახადეს“ - განაცხადა კლინტონმა წუხელ, ამომრჩევლებთან ბრუკლინში გამართულ შეხვედრაზე. ნიუ-იორკის ამ დასახლებაშია დაფუძნებული ჰილარი კლინტონის კამპანიის სათაო ოფისი.

მისმა ერთადერთმა კონკურენტმა დემოკრატიული პარტიის ნომინაციისთვის ბრძოლაში, ვერმონტის სენატორმა ბერნი სანდერსმა, ტელეფონით უკვე მიულოცა კლინტონს გუშინდელი პრაიმერების მოგება. თუმცა, საკუთარ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე თქვა, რომ ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს და მას ჯერ ქვეყნის დედაქალაქში დაგეგმილ ბოლო პრაიმერზე, შემდეგ კი უშუალოდ კონვენციაზე გააგრძელებს: „ჩვენ ბოლომდე გავაგრძელებთ ბრძოლას სოციალური, ეკონომიკური, რასობრივი და გარემოს დაცვის სამართლიანობისთვის პენსილვანიის ქალაქ ფილადელფიაშიც“.

ამერიკის ყოფილ დედაქალაქში, ფილადელფიაში დაგეგმილ დემოკრატთა კონვენციას არ ელოდება რესპუბლიკელთა სავარაუდო ნომინანტი დონალდ ტრამპი. სამშაბათის პრაიმერების დასრულებისთანავე, მან იერიში ჰილარი კლინტონზე მიიტანა.

„ჩვენს პრობლემებს იმ პოლიტიკოსებზე დაყრდნობით ვერ გადავწყვეტთ, ვინც ისინი შექმნა. კლინტონებმა პოლიტიკით პირადი გამდიდრება ხელოვნების ნიმუშის დონემდე დახვეწეს“ - განაცხადა მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ოჯახთან ერთად მისულმა მილიარდერმა უძრავი ქონების მაგნატმა და შოუმენმა.

სწორედ ტრამპზე იყო გამახვილებული ყურადღება ჰილარი კლინტონის გამოსვლაშიც, რომელიც შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ პირდაპირ, თუ ირიბად, ტრამპის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადებები, განსაკუთრებით კი მექსიკასთან მაღალი კედლის აშენების გეგმა, არ გააკრიტიკოს. „გვწამს, რომ თანამშრომლობა ჯობია კონფლიქტს და ერთობა - დანაწევრებას. დაცინვას სჯობს, ადამიანს მეტი უფლებები მივცეთ და კედლების აშენებას ხიდების გადება აჯობებს“ - თქვა მან.

კლინტონ-ტრამპის აქამდე ფარულად მიმდინარე დუელი დღეს უკვე აშკარაა და უნდა ვივარაუდოთ, რომ წინ კიდევ უფრო დაუნდობელი შეტაკებები გველის. ამ ეტაპზე მათ მხოლოდ ერთი რამ აერთიანებთ: როგორც დემოკრატ, ისე რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატს ამერიკელებში უნდობლობის მაღალი რეიტინგი აქვს და მისი დაძლევისთვის კი ორივეს მხოლოდ 4 თვე რჩება.

XS
SM
MD
LG