ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონის საგა


შეცდომების მიუხედავად, ის ისტორიაში შევა, როგორც ქალი, რომელიც დოგმებს ერთი ხელის მოსმით ცვლიდა

სახელმწიფო მდივანი ამერიკაში მოქმედ პოლიტიკოსებს შორის იშვიათი პოპულარობით სარგებლობს. საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, ჰილარი კლინტონის რეიტინგი პოსტის დატოვებამდე რამდენიმე კვირით ადრე თითქმის 70 პროცენტს უტოლდება. ამის მიუხედავად, საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოლიტიკიდან წასვლას საზეიმო და დამსახურებულ გაცილებას მაინც ვერ ვუწოდებთ.

„მე რომ მაშინ პრეზიდენტი ვყოფილიყავი და შემეტყო, რომ თქვენ არ წაიკითხეთ დეპეშა ბენღაზიდან, რომელიც ელჩმა სტივენსმა გამოგიგზავნათ, მე თქვენ თანამდებობიდან გაგათავისუფლებდით. მიმაჩნია, რომ ამის პატიება არ შეიძლება“ - განუცხადა ჰილარი კლინტონს რესპუბლიკელმა სენატორმა რენდ პოლმა 23 იანვარს შეერთებული შტატების კონგრესში გამართულ მოსმენებზე.

ჰილარი კლინტონის საგა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

ბევრი კითხვა რჩება უპასუხოდ. და განმარტებები, რომლებიც თქვენ წარმოადგინეთ ამ დილით, გულახდილად რომ გითხრათ, ჩემთვის არადამაკმაყოფილებელია“ - უთხრა სახელმწიფო მდივანს გავლენიანმა სენატორმა, ჯონ მაკეინმა.

რამდენიმესაათიან საკონგრესო მოსმენებზე ჰილარი კლინტონს ისეთ რთულ კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა და ისეთ აგრესიულ ოპონენტებთან ჭიდილი, რომ გამოცდილ პოლიტიკოსს ორჯერ მოერია ცრემლი და ერთხელ წონასწორობაც კი დაკარგა და ხმას აუწია.

“ფაქტი ის არის, რომ 4 ამერიკელი დაიღუპა, ან პროტესტის შემდეგ, ან იმ ადამიანების გამო, რომელთაც ამერიკელების მოკვლა წინასწარ დაგეგმეს. რა მნიშვნელობა აქვს ამას ამ ეტაპზე? ჩვენ მოვალე ვართ გავარკვიოთ რა მოხდა, იმისთვის, რომ მომავალში ამგვარი რამ აღარასოდეს განმეორდეს, სენატორო“ - განაცხადა კლინტონმა.

კონგრესის აღნიშნულ სხდომაზე ლიბიის ქალაქ ბენღაზიში შეერთებული შტატების საელჩოზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის დეტალებს არკვევდნენ. 2012 წლის 11 სექტემბერს მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტში ამერიკის ელჩი, კრის სტივენსი და ამერიკის 3 მოქალაქე დაიღუპა. თავდასხმამ დიპლომატიური სამსახურების უსაფრთხოების სისტემაში არსებული სერიოზული ხარვეზები გამოავლინა, რაზეც სახელმწიფო დეპარტემენტის მდივანი უშუალოდ პასუხს აგებს. ჰილარი კლინტონს უკან არ დაუხევია და შესაბამისი განცხადება ჯერ კიდევ 3 თვის წინ გააკეთა.

პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ. პასუხს სახელმწიფო დეპარტამენტის მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომსახურე 60 ათასზე მეტ თანამშრომელზე მე ვაგებ - აღნიშნა მაშინ სახელმწიფო მდივანმა.

ჰილარი კლინტონი პოსტს სავარაუდოდ თებერვლის შუა რიცხვებში დატოვებს. „ექსტრაორდინალური“ სახელმწიფო მდივანი, ასე შეაფასა მისი სამსახური პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. და საყოველთაო აზრით, მისი გაცილების წინ ოპონენტთა მძაფრი კრიტიკის მიუხედავად, ჰილარი კლინტონი ისტორიაში შევა, როგორც შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მტკიცე ხელმძღვანელი, ამერიკის ავტორიტეტის გაზრდისთვის, ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი ქალთა უფლებებისთვის დაუღალავად და ერთგულად მებრძოლი სახელმწიფო მდივანი.

წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრის, დანა რორბაქერის თქმით, ჰილარი კლინტონი სახელმწიფოს 20 წლის განმავლობაში ღირსეულად და კარგად ემსახურა. კონგრესმენი დარწმუნებულია, რომ ბენღაზიში დაშვებულ შეცდომას კლინტონის მიერ 20 წლის მანძილზე გადადგმული უამრავი სწორი ნაბიჯი გადაწონის.

პოლიტოლოგები აღნიშნავენ, რომ ჰილარი კლინტონის სახელთან ერთად ამერიკის ისტორია ხშირად იხმარს სიტყვას „პირველი“. ეს არის პოლიტიკოსი, რომელმაც არაერთი დოგმა შეცვალა და ბევრი დამკვიდრებული ტრადიცია ერთი ხელის მოსმით დაანგრია.

ჯერ კიდევ ძალზე ახალგაზრდამ საზოგადოების ყურადღება იმით მიიქცია, რომ იყო პირველი ქალი, რომელმაც არკანზასის შტატის გუბერნატორთა მეუღლეებს შორის მუშაობა არ შეწყვიტა და საკუთარი კარიერა ახლადარჩეული ქმრის სამუშაო განრიგს არ მოარგო. შემდეგ ის იყო პირველი ამერიკის პრეზიდენტის მეუღლეებში, ვინც შეერთებული შტატების კონგრესში იმსახურა. ჰილარი კლინტონმა ნიუ იორკის შტატის სენატორის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და პირველივე ცდაზე მოიგო კიდეც. 2007 წელს ის გახდა პირველი ქალი, რომელმაც დემოკრატიული პარტიიდან ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატად იყარა კენჭი და დასკვნითი ეტაპი მხოლოდ პრაიმერებში გამარჯვებულ ნომინანტთან - ბარაკ ობამასთან წააგო. და კიდევ: ის იყო პირველი ყოფილი პირველი ლედი, რომელიც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი გახდა.

არავინ იცის, დასრულდება თუ არა ამით ჰილარი კლინტონის პირველობის საგა, რადგან ის ბოლო 25 წლის მანძილზე დამშვიდობების შემდეგ პოლიტიკურ არენაზე არაერთხელ დაბრუნებულა. თავად მისი უახლოესი მრჩევლებიც კი აღიარებენ, რომ ჰილარი სიურპრიზებით სავსე არაორდინალური ქალბატონია და არ არის გამორიცხული, 2016 წელს შეერთებული შტატების პრეზიდენტად თუ არა, დემოკრატიული პარტიის კანდიდატად მაინც მოგვევლინოს. ისტორიის წინააღმდეგ მისი სვლა ხომ არავის გაუკვირდება და ვინ იცის, იქნებ 8-წლიანი მმართველობის შემდეგ ამერიკამ კვლავ დემოკრატი პრეზიდენტი აირჩიოს?
XS
SM
MD
LG