ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი, კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის ვეტერანი, ბაიდენის ადმინისტრაციის ამ მიმართულებას გაუძღვება


ჯონ კერის ორი წლის შვილიშვილი კალთაში ეჯდა, როცა გაეროში, 2016 წელს, ამერიკის სახელით, პარიზის კლიმატურ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ეს ფოტო ჯონ კერიმ ორშაბათს "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, მას შემდეგ, რაც ის ჯო ბაიდენმა, შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, კლიმატური ცვლილებების მიმართულებით, საგანგებო ელჩად დაასახელა.

ეს თეთრი სახლის ადმინისტრაციაში, ეროვნული უსაფრთხოების გუნდში შექმნილი ახალი პოზიცია იქნება, რომელსაც კონგრესში დამტკიცება არ დასჭირდება. მეტყველი ფოტო ბევრს ამბობს ჯონ კერის მიდგომაზე გლობალური პრობლემის მიმართ. მომავალი თაობებისთვის კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლას, კერი საკუთარ მოვალეობად აღიქვამს.

ჯონ კერი პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს, შეერთებული შტატების 68-ე სახელმწიფო მდივანი იყო. პოსტი მას 4 წლის მანძილზე, 2013-17 წლებში ეკავა. "ტვიტერზე" ორშაბათს გამოქვეყნებულ ფოტოს თან ახლდა ჯონ კერის სიტყვები: "საქმე, რომელიც ჩვენ პარიზის შეთანხმებით დავიწყეთ, დასრულებისგან ჯერ კიდევ ძალიან შორსაა. მე მთავრობაში ვბრუნდები, რათა ამერიკა დავაბრუნოთ ამ და მომდევნო თაობებისთვის მთავარ გამოწვევასთან ბრძოლის რელსებზე".

კერიმ მართლაც ბევრი იბრძოლა იმისთვის, რომ 2016 წელს პარიზულ შეთანხმებად წოდებული საერთაშორისო ხელშეკრულება შემდგარიყო და მისთვის ხელმოწერას მსოფლიოს ბევრი ქვეყანა შეერთებოდა. გაეროში მიღწეულ შეთანხმებამდე, ის ჩინეთთან მუშაობდა გარემოს დამაბინძურებელი სათბური აირების გამონაბოლქვის შემცირების საკითხებზე.

სწორედ ამერიკას და ჩინეთს, მსოფლიოს ორი წამყვანი დამაბინძურებლის შეთანხმებით დაედო საფუძველი პარიზის კლიმატურ შეთანხმებას. მანამდე კი ჯონ კერის ინიციატივით, რომელიც მაშინ მასაჩუსეტსის შტატის სენატორი იყო, სენატში შემუშავებულ იქნა ამერიკაში გამონაბოლქვის შემცირების ყველაზე მოცულობითი კანონპროექტი. 2010 წელს აქტი წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა, მაგრამ სენატში კანონმდებლებმა მას ხმა არ მისცეს.

რესპუბლიკური პარტიის ბევრი წარმომადგენელი დღესაც თვლის, რომ პარიზის შეთანხმება შეერთებულ შტატებს წამგებიან პოზიციაში აყენებს. მათი აზრით, ამერიკას გაცილებით მეტ დათმობაზე მოუწევს წასვლა, ვიდრე მაგალითად - ჩინეთს და ინდოეთს.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ პარიზის ხელშეკრულება, ამ შეთანხმების პირობების ზუსტად შესრულებას არ ითხოვს. მოგვიანებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, შეერთებული შტატები პარიზის კლიმატური ცვლილებების ხელშეკრულებიდან გამოვიდა.

ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, ჯონ ბაიდენის გადაწყვეტილებით, ჯონ კერი, პარიზის კლიმატური შეთანხმების ერთ-ერთი არქიტექტორი, კიდევ ერთხელ გაუძღვება თეთრი სახლის ბრძოლას კლიმატურ ცვლილებებთან. ბაიდენის გუნდი არ აზუსტებს, თუ როგორ განსაზღვრავს ახალ პოსტზე ჯონ კერის საქმიანობას.

კერის ახალი პოზიცია სოციალურ ქსელებში უცებ მოინათლა "კლიმატის მეფედ". ბაიდენის გარდამავალი პერიოდის გუნდი ჯერ მხოლოდ იმას აკონკრეტებს, რომ ეს არა დროებითი, არამედ ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ეროვნული უსაფრთხოების ჯგუფში, ჯონ კერის მუდმივი როლი იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG