პეკინმა 27 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გადაწყვეტას დიალოგის გზით ემხრობა. ცოტა ხნით ადრე, ვაშინგტონმა ჩინეთი გააფრთხილა, არ მიაწოდოს ლეტალური იარაღი მის მოკავშირე რუსეთს, რადგან მოსკოვი მას უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენებს.
ორშაბათის დილა დედაქალაქ კიევში და უკრაინის სხვა ქალაქებში ისევ განგაშის სირენების ხმით და რუსეთის სარაკეტო რეიდებით გათენდა. ხმელნიცკის მერის, ოლექსანდრ სიმშიშინის მიერ "ტელეგრამზე" გავრცელებული ცნობით, მათ ქალაქზე განხორციელებულ თავდასხმას, სულ ცოტა, ერთი ადამიანი შეეწირა.
2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე რუსეთის არაპროვოცირებულ და უკანონო შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე, ჩინეთმა განცხადება რუსეთთან "ულიმიტო" ალიანსის თაობაზე გააკეთა. მას შემდეგ პეკინი თავს იკავებს რუსეთის მიერ დაწყებული კონფლიქტის და მასობრივი ძალადობის დაგმობისგან.
გასულ კვირას პეკინმა გამოაქვეყნა 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ჩინეთის ლიდერების აზრით, ორივე მხრიდან საომარი ქმედებების შეწყვეტის და რეგიონში თანდათანობითი დეესკალაციის საწინდარი გახდება. კიევმა გეგმის რამდენიმე პუნქტს უპასუხა და თქვა, რომ მსგავს რეზოლუციას პერსპექტივა არ აქვს, რადგან უკრაინაში მშვიდობა ვერ იქნება მანამ, სანამ რუსეთი თავის ძალებს ქვეყნიდან არ გაიყვანს.
"მართლა მინდა [გამარჯვება] წელს მოხდეს. ამისთვის ჩვენ ყველაფერი გვაქვს: მოტივაცია, თავდაჯერება, მეგობრები, დიპლომატია" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნული განცხადება ორშაბათს, 27 თებერვალს, "ტელეგრამზე" გაავრცელა.
ჩინეთის საგარეო უწყების თქმით, ისინი კონტაქტში არიან ორივე დაპირისპირებულ მხარესთან და მათ კიევის პოზიცია ნათლად, გარკვევით მოისმინეს. პეკინი აცხადებს, რომ მათი მიზანია "დიალოგის დაწინაურება და კრიზისის პოლიტიკური გადაჭრის წახალისება". განცხადება სამინისტროს პრესსპიკერმა მაო ნინგმა პეკინგში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
დღესვე, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჩინეთის გეგმასთან დაკავშირებით თქვა, რომ საჭიროა მისი დეტალური ანალიზი და ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინება. მოსკოვს არანაირი მინიშნება არ გაუკეთებია, რომ ჩინეთის ინიციატივით წამოყენებულ სამშვიდობო რეზოლუციას მომავალი შეიძლება ჰქონდეს. "ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ჩვენი ჩინელი მეგობრების გეგმას... ეს ძალიან ხანგრძლივი და დატვირთული პროცესია" - აცხადებს პესკოვი.
ჩინეთის მხრიდან წამოყენებულ ინიციატივას, წინ უსწრებდა შეერთებული შტატების და ნატოს სამხედრო ალიანსის მხრიდან გაკეთებული განცხადებები იმის თაობაზე, რომ პეკინი მოსკოვისთვის ლეტალური იარაღის გადაცემას განიხილავს. "თუკი ის ამ გზას აირჩევს, ეს ჩინეთს რეალური საფასური დაუჯდება" - თქვა გასული კვირის ბოლოს ამერიკულ ტელეკომპანია "სი-ენ-ენთან" საუბარში ჯეიკ სალივანმა. ის თეთრი სახლის მრჩეველია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
დასავლეთში აქვთ ინფორმაცია, რომ ჩინეთი განიხილაავს რუსეთისთვის საბრძოლო იარაღის მიწოდებას. საუბარია ე.წ. კამიკაძე დრონებზეც - უპილოტო საფრენ აპარატებზე, რომლებსაც საომარი რაკეტები გადააქვთ.
მოსკოვი უკრაინაში ერთი წლის წინ დაწყებულ ომს დღემდე "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს, რომლის მიზანიც უკრაინის "დენაციფიკაცია" - ე.წ. ნაცისტებისგან გათავისუფლებაა. თუმცა, მას შემდეგ, რაც კიევმა თავდასაცავად დასავლეთის მხრიდან ფართო მხარდაჭერა და შეიარაღება მიიღო, კრემლი ცდილობს, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი რუსეთის ეგზისტენციალურ ბრძოლად შეფუთოს, რომლის მიზანი დასავლეთის მის საზღვრებთან გაფართოების შეჩერებაა. გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეაქო "ახალი შესაძლებლობები" ჩინეთთან ურთიერთობაში და თქვა, რომ მისი ჩინელი კოლეგა სი ძინპინი მოსკოვში ჩასვლას უახლოეს მომავალში გეგმავს.
Facebook Forum