ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ამერიკის თავდაცვის სფეროს 2 კომპანიას სანქციებს უწესებს


ჩინეთმა ამერიკის თავდაცვის სექტორის ორ დიდ კომპანიას, ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის თაობაზე მხარდაჭერის გამო, სანქციები დაუწესა.

პეკინის მიერ 11 აპრილს გაკეთებული განცხადებით, გაიყინება შემდეგი ორი კომპანიის - General Atomics Aeronautical Systems და General Dynamics Land Systems - ქვეყნის შიგნით არსებული აქტივები. ამავე გადაწყვეტილებით, კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლებს, ჩინეთში შესვლაც ეკრძალებათ.

ჩინეთში General Dynamics-ის "გალფსტრიმისა" და თვითმფრინავების წარმოებასთან დაკავშირებული რამდენიმე სერვისი მოქმედებს. მათი ფუნქციონირება დიდწილადაა დამოკიდებული უცხოურ საავიაციო ტექნოლოგიაზე, იმის მიუხედავადაც, რომ ის ადგილზე ცდილობს თავის დამკვიდრებას. General Atomics კი ასევე აწარმოებს Predator-ისა და Reaper-ის ტიპის დრონებს, რომლებსაც ამერიკის ჯარი იყენებს.

კომპანია ჩართულია ტაივანისთვის ამერიკული "აბრამსის" ტიპის ტანკების მიყიდვის საკითხში. თვითმმართველი დემოკრატიული კუნძულის მთავრობა, ჩინეთისგან შესაძლო სამხედრო შეჭრასთან გასამკლავებლად, მოძველებული ჯავშანტექნიკის ამერიკული სამხედრო ტექნიკით ჩანაცვლებას აპირებს. ჩინეთის ხელისუფლებას კონკრეტული დეტალები არ დაუსახელებია იმის თაობაზე, თუ რამდენად უკავშირდება ეს სანქციები ამ კონკრეტული ამერიკული კომპანიების მიერ ტაივანისთვის ტექნიკის შესაძლო მიყიდვას.

თუმცა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გავრცელებულ განცხადებაში მიუთითა, რომ ამერიკის მიერ "ჩინეთის ტაივანის რეგიონისთვის" იარაღის მიყიდვა სერიოზულად არღვევს "ერთი ჩინეთის" პრინციპს და ამერიკა-ჩინეთს შოორის სამ კომუნიკეს, ასევე გულისხმობს ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევას და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას. თვითმმართველ დემოკრატიულ კუნძულს ჩინეთი თავის ტერიტორიად მიიჩნევს და არასდროს გამორიცხავს მის ტერიტორიაზე სამხედრო ჩარევას.

XS
SM
MD
LG