ჩინეთი კანადის ბოლო ორ არჩევნებში ჩარევას ცდილობდა, მაგრამ ამას შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია და "ნაკლებად სავარაუდო" იყო, რომ პეკინი არჩევნებში რომელიმე ერთ პარტიას უპირატესობას ანიჭებდა. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ოთხშაბათს ოფიციალურ საგამოძიებო მოსმენაზე განაცხადა.
ტრუდომ საგამოძიებო კომისიას ჩვენება ფიცის ქვეშ მისცა. მან უპასუხა კითხვებს არჩევნებში სავარაუდო უცხო ძალის ჩარევის შესახებ პრემიერის ამპლუაში მიღებული დაზვერვის ბრიფინგების შესახებ და თქვა, რომ კანადის ორივე არჩევნები “თავისუფალი და სამართლიანი” იყო.
ტრუდომ კომისიის შექმნის გადაწყვეტილება შარშან, ოპოზიციური კანონმდებლების მხრიდან ხანგრძლივი ზეწოლის შედეგად მიიღო, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ მედიის მიერ ჩინეთის შესაძლო როლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით.
კომისიას ერინ ოტული ხელმძღვანელობს, რომელიც მთავარ ოპოზიციურ კონსერვატიულ პარტიას 2021 წლის კამპანიის დროს ხელმძღვანელობდა. მისი შეფასებით, ჩინეთის არჩევნებში ჩარევის შედეგად კონსერვატორებმა პარლამენტში 9 მანდატი დაკარგეს. 2019-ის და 2021 წლის არჩევნებში ტრუდოს ლიბერალურმა პარტიამ გაიმარჯვა.
კანადაში ჩინეთის საელჩოს სპიკერმა თქვა, რომ „ჩინეთი მტკიცედ გმობს და მტკიცედ ეწინააღმდეგება” პეკინის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას. „ჩინეთს არასოდეს ჰქონია ინტერესი კანადის საშინაო საქმეებში ჩარევის”, - დასძინა სპიკერმა.
კომისია საწყის ანგარიშს 3 მაისამდე დაასრულებს და საბოლოო ანგარიშს 2024 წლის ბოლომდე გამოაქვეყნებს.