ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ტიბეტის საკითხებში კოორდინატორის დანიშვნამ გააღიზიანა


პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ, ტიბეტის საკითხების საგანგებო კოორდინატორად ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი თანამდებობის პირის დანიშვნის შემდეგ, ხუთშაბათს, ჩინეთმა შეერთებულ შტატებს ბრალი ტიბეტის დესტაბილიზაციის სურვილში დასდო.

ოთხშაბათს, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გამოაცხადა, რომ ამ დამატებით თანამდებობას რობერტ დესტრო, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დაიკავებდა. ეს თანამდებობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის დასაწყისიდან, 2017 წლიდან ვაკანტური იყო.

ჩინეთი შეერთებული შტატების კოორდინატორთან თანამშრომლობაზე მუდმივად უარს ამბობდა და ამას თავის საშინაო საქმეებში ჩარევად აფასებდა.

ამ თანამდებობის შევსება ხდება იმ დროს, როდესაც ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობა, ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეზეა რიგი საკითხების გამო, მათ შორისაა ვაჭრობა, ტაივანი, ადამიანის უფლებები, სამხრეთ ჩინეთის ზღვა და კორონავირუსი.

შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის სამხედრო ფლოტის განცხადების თანახმად, 14 ოქტომბერს, ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილმა ამერიკულმა საესკადრო ნაღმოსანმა “ბარი”, ტაივანის სრუტეში გაცურა. ამერიკულმა სამხედრო უწყებამ ეს აღწერა, როგორც ჩვეულებრივ პრაქტიკა, მაგრამ ამ ფაქტმა ჩინეთის გაღიზიანება გამოიწვია, რომელიც ამ კუნძულზე და გარშემო ზღვებზე საკუთარ სუვერენიტეტს აცხადებს.

ამერიკული ფლოტის განცხადებაში ნათქვამია: “შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტი გააგრძელებს ფრენებს, ნაოსნობას და იმოქმედებს ყველგან, სადაც საერთაშორისო კანონმდებლობა ამის ნებას რთავს”.

პეკინის გაბრაზებული პასუხი იყო ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის განცხადება, რომელშიც თქვეს, რომ “მთელი პროცესის განმავლობაში” ის ამერიკულ ნაღმოსანს უთვალთვალებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG