17 წლის გიორგი კოღუაშვილი ამერიკაში სპორტული სტიპენდიით ჩამოვიდა. სწავლა და ვარჯიში დასავლეთ ვირჯინიის შტატის პატარა ქალაქ ბეკლიში გააგრძელა. სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა ეკონომიკა და ბიზნესის მართვა ესწავლა. „არასპორტული განათლების“ მიღებაში კვლავ სპორტული დაფინანსება დაეხმარა.
„სპორტული დაფინანსება აკადემიური განათლების მიღებაში ეხმარება იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სპორტის სხვადასხვა მიმართულებით არიან დაკავებულნი. ეს შეიძლება სრულიად განსხვავებული მიმართულებით იყოს. ჩემი აქ ჩამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ამ ორი მიმართულების ერთდროულად გამოყენება იყო“, - გვეუბნება გიორგი, რომელიც ახლა ბრუკლინში, ნიუ-იორკში ცხოვრობს.
დასავლეთ ვირჯინიიდან ტენესის შტატში, ტენესიდან მინესოტაში, მინესოტიდან ვაშინგტონში, შემდეგ კი ნიუ-იორკში გადავიდა. დღეს საქართველოს გენერალურ საკონსულოში სწორედ ეკონომიკური მიმართულებით მუშაობს და უცხოელი ინვესტორების საქართველოთი დაინტერესებას ცდილობს.
სპორტული კარიერა არ გაუგრძელებია, თუმცა ნიუ-იორკში გადმოსულმა აღმოაჩინა, რომ უბანში, სადაც თვითონ და ბევრი სხვა ქართველი ცხოვრობს, საშუალო ასაკის მოსწავლეებისთვის კარგი საკალათბურთო პროგრამები არ არსებობდა. რამდენიმე ქართველ მეგობართან ერთად „ქართული კალათბურთის აკადემია შექმნა“, რომელიც მოგვიანებით „ბრუკლინ ჰუფსტერსის“ სახელით გახდა ცნობილი.
„იდეა იმისა, რომ ბავშვები კალათბურთში მევარჯიშებინა, დაახლოებით ორი წლის წინ გაჩნდა. ჩემი მეგობარი, ლევან ნამიჭეიშვილი ხშირად მეუბნებოდა, რომ მსგავსი რამ დამეწყო. თუმცა ამ იდეის განხორციელებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა“, - იხსენებს გიორგი, რომელსაც ბრუკლინში, ბერძნული ეკლესიის სპორტულ დარბაზში შევხვდით.
იდეიდან ამ დარბაზამდე შორი გზა იყო: გიორგი ამბობს, რომ ყველაზე რთული სწორედ ყველანაირად შესაბამისი სავარჯიშო სივრცის პოვნა იყო. საბოლოოდ კი თავის საუკეთესო მეგობარ შოთა პატარაიასთან და სხვა ქართველ მშობლებთან ერთად საკალათბურთო პროგრამა შექმნა. აკადემიაში თავიდან 15-მდე ბავშვი ჩაეწერა.
დღეს გიორგი და მისი მწვრთნელები 60-მდე „ჰუფსტერს“ ავარჯიშებენ. საკალათბურთო აკადემიაში 5 სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფია. გიორგი ამბობს, რომ მოთხოვნა იზრდება და ბოლო დროს ახალი მწვრთნელების აყვანაც კი დასჭირდა. მოსწავლეების უმეტესობა ქართველია, ზოგი მათგანი ამერიკაშია დაბადებული, ზოგი საქართველოდან მშობლებმა სულ ახლახან ჩამოიყვანეს, ზოგი შერეული ოჯახის შვილია, ზოგიც -საერთოდ არაქართული წარმომავლობის.
მელვინ მაკკალენი აკადემიაში დაარსების დღიდან მუშაობს. ამბობს, რომ მთავარი, რისი სწავლებაც უნდა, არამხოლოდ სპორტული წარმატება, არამედ დაბრკოლებებთან და წარუმატებლობასთან გამკლავების უნარებია:
"დიდი ხანია ბავშვებთან ვმუშაობ, მიყვარს იმის ყურება, როგორ იზრდებიან, ხან იმედი უცრუვდებათ, შემდეგ ბედნიერები არიან, ეს კარგია არა მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით, არამედ მათი, როგორც პიროვნებების განვითარებისთვის. ის, თუ როგორ უმკლავდებიან წარუმატებლობას აქ, განსაზღვრავს იმასაც, თუ როგორ გაუმკლავდებიან მათ გარესამყაროშიც. მე მათ ვასწავლი, რომ არ დანებდნენ, არ იდარდონ მარცხზე, მიენდონ პროცესს, დარჩნენ ამ გზაზე. იმედი გვაქვს, რომ ასეც იქნება და მივიღებთ იმ შედეგებს, რასაც ველოდებით", - ამბობს მაკკალენი.
ქიუ ბრენდონი კი "ჰუფსტერებს" სულ ახლახან შეუერთდა. მისი აზრით, ქართველ ბავშვებს შეუძლიათ საკალათბურთო არენაზე კონკურენტუნარიანნი და წარმატებულები იყვნენ:
"სპორტის საფუძველი უნარები და ტალანტია, არ აქვს მნიშვნელობა ქართველი ხარ, ლათინო- თუ აფრო-ამერიკელი, კალათბურთი მსოფლიო სპორტია და ყველაფერი სწორედ თითოეული ბავშვის უნარებზეა დამოკიდებული. ქართველ ბავშვებს, სხვა ყველა ბავშვის მსგავსად, აქვთ პოტენციალი იმისთვის, რომ გახდნენ ძლიერი მოთამაშეები. თუკი თამაშს იწყებ, გყავს კარგი მწვრთნელები, ვარჯიშს დარბაზს გარეთაც არ წყვეტ, თუკი მონდომებული ხარ და მართლა გინდა რომ ისწავლო, მთავარი სწორედ ესაა, ყველას შეუძლია ისწავლოს თამაში. ეს არაა მხოლოდ ამერიკული სპორტი", - გვეუბნება ბრენდონი, რომელსაც დარბაზის მეორე ნახევარში ახლა გოგონათა გუნდი ელოდება.
ნინი ნამიჭეიშვილი ამერიკაში დაიბადა და მისი სამი დედმამიშვილის მსგავსად, "ჰუფსტერია". ამბობს, რომ აქ იმიტომ დადის, რომ კალათბურთის გარდა, ქართველ ბავშვებთან ერთად ყოფნა მოსწონს. იგივე აზრისაა ლიზა ბურდულიც, რომელიც შტატებში 2 წლის წინ ჩამოვიდა და 6 თვეა, რაც კალათბურთში აქტიურად ვარჯიშობს. "
"ჩვენი პროგრამის მთავარი მიზანია ბავშვებს შეუყვარდეთ კალათბურთი, შეუყვარდეთ სპორტი და შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც მათ გაუხარდებათ მოსვლა და აქ არ იყოს გარემო, სადაც მხოლოდ მედლებსა და გამარჯვებაზე ვიქნებით ორიენტირებულნი", - ამბობს გიორგი და განმარტავს, რომ მისი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია გარკვეულ ასაკამდე ყველა დაინტერესებულ ბავშვს მიეცეს თანაბარი დრო და შესაძლებლობა ვარჯიშისა და განვითარებისთვის.
საკალათბურთო აკადემია შეერთებული შტატების ბავშვთა განვითარების ორგანიზაციის მიერაა აკრედიტებული. გიორგი ცდილობს, ორგანიზაციის მითითებებს და მეთოდებს ზედმიწევნით მიჰყვეს. "ეს არ არის სირცხვილი, გადმოიღო ვიღაცის მიერ შემუშავებული პროგრამა, მით უმეტეს თუ ეს მსოფლიოში ჩამოყალიბებული საუკეთესო პროგრამაა."
დღეს, აკადემიას სამი პროფესიონალი მწვრთნელი ჰყავს, გიორგი, რომელიც კვირაში ორჯერ საკონსულოდან პირდაპირ სპორტულ დარბაზში მიიჩქარის, მწვრთნელებს ეხმარება. ამბობს, რომ პირველი ამოცანა ისაა, რომ ეს აკადემია ბრუკლინის საუკეთესო საკალათბურთო პროგრამად იქცეს. "შემდეგ კი განვვითარდეთ და გავიდეთ სხვა შტატებში, საერთაშორისო ასპარეზზეც, ვნახოთ, გეგმები დიდია"....
Facebook Forum