ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო ევროპული ფრენბურთის რუქაზე


მარიამ გაფრინდაშვილი (1) და ჯულიეტა სანაძე (8) იტალიელთა იერიშის მოგერიებას ცდილობენ
მარიამ გაფრინდაშვილი (1) და ჯულიეტა სანაძე (8) იტალიელთა იერიშის მოგერიებას ცდილობენ

თბილისს სამი დღით დიდი ფრენბურთი სტუმრობდა. პირველად სპორტის ამ სახეობის ისტორიაში, ფრენბურთის ევროპულმა კონფედერაციამ (CEV) ქალთა შორის 30-ე საიუბილეო ევროპის ჩემპიონატის მასპინძლებად, ორი პოსტსაბჭოთა ქვეყანა: საქართველო და აზერბაიჯანი შეარჩია.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში 115-ე, ხოლო ევროპულ რეიტინგში - 35 ადგილი უჭირავს და საკუთარი მწირი რესურსით, საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვას, ალბათ, ვერასოდეს შეძლებდა, ევროპის ტოპ ნაკრებებთან თამაშის უფლება, სწორედ მასპინძლის სტატუსით მოიპოვა.

თბილისის ახალ სპორტის სასახლეში, ფრენბურთის ქართველ მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ ეხილათ, მსოფლიო ფრენბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ნიგერიული ფესვების მქონე, 18 წლის იტალიელი პაოლა ეგონუს თამაში.

იტალიელი პაოლა ეგონუ თბილისში შეუდარებელი იყო
იტალიელი პაოლა ეგონუ თბილისში შეუდარებელი იყო

იტალიის ნაკრები, რომელიც საქართველოს 2017 წლის მსოფლიო გრან-პრის ფინალისტის რანგში ეწვია, თბილისის ჯგუფის უდავო ლიდერი იყო. პაოლა ეგონუს, კრისტინა კირიკელას, ალესია ორროს და 2011 წლის მსოფლიო თასის მფლობელების, დები კატერინა და ლუჩია ბოზეტების გუნდმა, პირველი ადგილი ხორვატებთან დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებს, სადაც ევრო-2017-ის ყველაზე ასაკოვანი (41 წლის მარია ცარენკო) და ყველაზე ახალგაზრდა (16 წლის მარიამ ბერიაშვილი) ფრენბურთელები ირიცხებოდნენ, ასეთ დონეზე თამაშის საშუალება პირველად მიეცა. ქართველმა გოგონებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, სამივე თამაში წააგეს და ჯგუფში ჩარჩნენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების დებიუტი კონტინენტის პირველობაზე
საქართველოს ეროვნული ნაკრების დებიუტი კონტინენტის პირველობაზე

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი პაატა ულუმბელაშვილი ფიქრობს, რომ ქართველებმა უზარმაზარი გამოცდილება მიიღეს და ისინი აუცილებლად მოუმატებენ:

ვერ ვაჩვენეთ, ის შედეგი, რომელიც სასურველი იქნებოდა, თუნდაც, ერთი თამაშის მოგება და პლეი-ოფში გასვლა. თუმცა, ბოლო დღეებში, ჩვენმა ნაკრებმა მაინც დიდი პროგრესი განიცადა“
პაატა ულუმბელაშვილი, საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი

„ჩვენ ვერ ვაჩვენეთ სასურველი შედეგი. თუნდაც, ერთი თამაშის მოგება და პლეი-ოფში გასვლა. თუმცა, ბოლო დღეებში, ჩვენმა ნაკრებმა მაინც დიდი პროგრესი განიცადა. მჯერა, რომ სწორი მუშაობით, 3-4 წელიწადში, ევროპაში, ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი გუნდი ვიქნებით.“

საქართველოში ფრენბურთი მე-20 საუკუნის 20-იან წლებში გავრცელდა, თუმცა ის სპორტის ათ ყველაზე პოპულარულ სახეობას შორისაც კი ვერ ხვდებოდა. ამის მიუხედავად, სპორტის ბურთიან სახეობებში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი სწორედ ქართველი ფრენბურთელი გახდა.

ვაჟა კაჭარავა, ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ფრენბურთში
ვაჟა კაჭარავა, ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ფრენბურთში

1964 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, საბჭოთა ნაკრებთან ერთად, თბილისის „ქარიშხალას“ მოთამაშემ ვაჟა კაჭარავამ მოიგო. 1965 და 1967 წლებში, კაჭარავა მსოფლიო თასის მფლობელი და ევროპის ჩემპიონიც გახდა.

მანამდე, ევროპის (1951) და მსოფლიოს (1952) ჩემპიონატებზე თბილისის „ნაუკას“, თსუ-ს და „ლოკომოტივის“ აღზრდილმა, გივი ახვლედიანმა იმარჯვა. ახვლედიანი, როგორც სახელოვანი მწვრთნელი, რომელმაც საბჭოთა ქალთა ნაკრებს ორი ოლიმპიადა (1968, 1972), საბჭოთა ვაჟთა ნაკრებს კი ორი მსოფლიო ჩემპიონატი (1960, 1962) მოაგებინა, 2003 წელს, ფრენბურთის დიდების დარბაზში (The Volleyball Hall of Fame) შეიყვანეს.

დიდების დარბაზი აშშ-ს ქალაქ ჰოლიოკში მდებარეობს, იქ, სადაც 1895 წელს, ფიზკულტურის მასწავლებელმა უილიამ მორგანმა სპორტის ეს სახეობა გამოიგონა.

გივი ახვლედიანი - ფრენბურთის დიდების დარბაზის წევრი
გივი ახვლედიანი - ფრენბურთის დიდების დარბაზის წევრი

რაც შეეხება ქართულ ქალთა ფრენბურთს, საბჭოთა პერიოდში ყველაზე დიდ წარმატებას, ტიფლისის ნაკრებმა 1936 წელს მიაღწია, როცა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში, როსტოვის გუნდთან ერთად მეორე-მესამე ადგილები გაიყო.

საბჭოთა თბილისში დაიბადა, გლდანის დარბაზში დაოსტატდა და საქართველოში დაიწყო კარიერა, შემდგომში ფრანგული და ევროპული ფრენბურთის ლეგენდამ ვიქტორია რავამ. მან ფრანგულ „კანთან“ ერთად, ორჯერ მოიგო (2001, 2002) ევროპის ჩემპიონთა ლიგა და ორჯერ (2002, 2005) ყველაზე ძვირფასი მოთამაშე (MVP) გახდა.

ევროპული ფრენბურთის ვარსკვლავმა ვიქტორია რავამ კარიერა გლდანის დარბაზში დაიწყო
ევროპული ფრენბურთის ვარსკვლავმა ვიქტორია რავამ კარიერა გლდანის დარბაზში დაიწყო

დამოუკიდებლობის პერიოდში, ქართულ ქალთა ფრენბურთის გრანდად დიდი ჯიხაიშის „ჯიკო“ მიიჩნევა, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატში ათჯერ იმარჯვა. ჯიხაიშელებს კონკურენციას, მხოლოდ „თბილისის“ გუნდი უწევდა. თბილისელები, ბოლო წლებში, კლასის ასამაღლებლად, აზერბაიჯანის ეროვნულ ჩემპიონატშიც გამოდიოდნენ. ეროვნულ ნაკრებს ოფიციალურ შეჯიბრებებში, 2004 წლიდან, მხოლოდ ორი გამარჯვება აქვს მოპოვებული.

ფრენბურთში ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, 80 წლის ვაჟა კაჭარავა, რომლის სახელიც ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, თბილისის ფრენბურთის არენას მიენიჭა, ამბობს, რომ ფრენბურთი ძალიან ლამაზი და აზარტული სპორტია და ხელშეწყობის შემთხვევაში, რამდენიმე წელში შედეგიც და მაყურებელიც მოვა:

ევროპის საუკეთესო გუნდებთან სათამაშოდ ობიექტურად მზად არ ვართ. ისე, მზარდი გუნდია ჩვენი ქალების ნაკრები და რამდენიმე წელი დაგვჭირდება რომ ევროპულ დონეზე ავიდეთ.“
ვაჟა კაჭარავა, 1964 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ფრენბურთში

„ევროპის ჩემპიონატზეც გამოჩნდა, რომ ჯერ ევროპის საუკეთესო გუნდებთან სათამაშოდ მზად არ ვართ. მაგალითად, ისე, როგორც ჩვენი კალათბურთელები თამაშობენ. ისე, მზარდი გუნდია ჩვენი ქალების ნაკრები და რამდენიმე წელი დაგვჭირდება რომ ევროპულ დონეზე ავიდეთ.“

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატი მხოლოდ აზერბაიჯანში გრძელდება. პლეი-ოფებს, მეოთხედფინალებს, ნახევარფინალებსა და ფინალს ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის, ტანვარჯიშის ეროვნული არენა უმასპინძლებს, რომელიც 6000 მაყურებელს იტევს.

რუსების ლიდერი ტატიანა კოშელევა ბაქოს არენაზე ბულგარეთს უტევს
რუსების ლიდერი ტატიანა კოშელევა ბაქოს არენაზე ბულგარეთს უტევს

ევროპის ახალი ჩემპიონი 1 ოქტომბერს გამოვლინდება. ყველაზე დიდი შანსი კონტინენტის მოქმედ ჩემპიონ - რუსეთს აქვს, რომლის ღირსებასაც, ევროპის ბოლო ორი ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე, თურქული „გალათასარაის“ წევრი ტატიანა კოშელევა იცავს. ჩემპიონობისთვის ბრძოლა ასევე ნიდერლანდებს, სერბეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთსაც შეუძლიათ, რომელსაც გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი ჯოვანი გუდიეტი წვრთნის.

ფრენბურთში კონტინენტის 30-ე პირველობამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. ჩემპიონატი მსოფლიოს 119 ქვეყანაში გადაიცემა, 31 ქვეყანა კი პირდაპირ ტელეტრანსლაციებს ახორციელებს.

საქართველო - იტალია 0:3
საქართველო - იტალია 0:3

საქართველო ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე

B ჯგუფი, თბილისი

22/09/2017 საქართველო - იტალია 0:3 (14:25, 12:25, 12:25)

23/09/2017 საქართველო - ხორვატია 1:3 (12:25, 13:25, 25:23, 23:25)

24/03/2017 საქართველო - ბელარუსი 0:3 (8:25, 11:25, 12:25)

იტალია მეოთხედფინალში გავიდა, ხორვატია&ბელარუსი პლეი-ოფში

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ფრენბურთში

  1. ანა კალანდაძე - Numune DSI ანკარა, თურქეთი
  2. გვანცა მარქარაშვილი - LKS ლოძი, პოლონეთი
  3. გვანცა ულუმბელაშვილი - LKS ლოძი, პოლონეთი
  4. თინათინ ჭაუჭიძე - ჯიკო დიდი ჯიხაიში
  5. ჯულიეტა სანაძე - ჯიკო დიდი ჯიხაიში
  6. ირინა ჭელიძე - ჯიკო დიდი ჯიხაიში
  7. სვეტლანა სოსნოვსკაია - თბილისი
  8. მარიამ გაფრინდაშვილი - AZS გლივიცე, პოლონეთი
  9. ანა მარია ყიფშიძე - თბილისი
  10. მარიამ ბერიაშვილი - თბილისი
  11. ნინო კორაევი - თბილისი
  12. მარია ცარენკო - უკლუბო

მთავარი მწვრთნელი: პაატა ულუმბელაშვილი

ქალთა ფრენბურთი, თბილისი, უნივერსიტეტის წინ, 1950 წელი
ქალთა ფრენბურთი, თბილისი, უნივერსიტეტის წინ, 1950 წელი

Facebook Forum

XS
SM
MD
LG