ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ახალი სამიზნე დასავლური გამოცემებია 


ბრიტანეთში ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ რუსეთის გავლენების ოპერაციის ახალი სამიზნე დასავლური გამოცემების ვებგვერდებია. კვლევა, რომელიც კარდიფის უნივერსიტეტმა ჩაატარა, აჩვენებს, რომ კრემლი სხვადასხვა ცნობილი დასავლური გამოცემების პლატფორმებს საკუთარი ინტერესებისთვის და „სიცრუის“ ტირაჟირებისთვის იყენებს.

როგორც ირკვევა, „ვაშინგტონ პოსტის“, „ფოქს ნიუსის“, „დეილი მეილის“ და ბრიტანული „ტაიმსის“ ვებგვერდებზე სხვადასხვა თემების ქვეშ კომენტარების განყოფილებაში, პრორუსული შინაარსის კონტენტისა და ინფორმაციის გავრცელება ორგანიზებულად ხდება. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ საერთო ჯამში რუსეთის გავლენების ოპერაციის მთავარი სამიზნე, 16 ქვეყნის 32 მედიასაშუალებააა.

კვლევის პერიოდში თითქმის 250 მასალა აღმოაჩინეს, რომელიც მცდარ ინფორმაციებზე დაფუძნებით არის შექმნილი და მათი გავრცელება პოპულარული გამოცემების კომენტარების განყოფილებებში ორგანიზებულად ხდება, ასევე ორგანიზებულად ხდება კომენტარზე რეაქციების მიცემაც, რათა ის სხვა კომენტარებთან შედარებით, უფრო მეტმა ადამიანმა იხილოს.

„კარდიფის უნივერსიტეტის“ კვლევის ავტორები ამბობენ, რომ 250-მდე სტატია და ვიდეო სიუჟეტი ძირითადად ერთ შინაარს ატარებს. ის პოპულარიზაციას უწევს რუსეთის მთავრობას და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

„ამ კომენტარებით თავის მხრივ ადამიანების გადაყვანა ხდება რუსული მედიასაშუალების გვერდებზე, მომზადებული მასალები კი არის იმაზე, როგორი წარუმატებელია ლიბერალური დასავლეთი და ნატო,“- ამბობენ კვლევის ავტორები.

რუსეთის ძირითადი სამიზნე ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთია. ასეთივე შინაარსის კონტენტი ვრცელდება ბულგარეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში.

„კარდიფის“ უნივერსიტეტში ამბობენ, რომ მცდარი ინფორმაციის გავრცელებას კრემლი ძირითადად სხვადასხვა ვებგვერდებსა და "ტელეგრამზე" ცდილობს, თუმცა კონტენტის ნაწილი კვლავ ვრცელდება სხვა მედიასაშულებებშიც, მიუხედავად იმისა, რომ "ტვიტერმა", "გუგლმა" და "ფეისბუქმა", დეზინფორმაციის წინააღმდეგ არაერთი რეგულაცია შექმნეს და წესები გაამკაცრეს.

კვლევის ძირითადი ნაწილი 2020 წლის აპრილიდან აგვისტოს პერიოდს ეხება, თუმცა ავტორები სხვადასხვა ვებგვერდებს ბოლო 2 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. მცდარი ინფორმაციის გავრცელებას რუსეთი "ფიგაროს","შპიგელის“ "ველტის“, „ლა სტამპას“ და „ბი-ბი-სის“ გვერდების კომენატრების განყოფილებაშიც ახერხებენ.

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს 2016 და 2020 წლებში სოციალური მედიის გამოყენებით ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს. ამასთან, ამერიკა რუსეთს ბოლო დროს ქვეყანაში მომხდარ კიბერთავდასხმებზეც უყენებს ბრალს.

ამ საკითხებზე გაზაფხულზე ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს ესაუბრა. როგორც შეხვედრის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, მან რუსეთის ლიდერი გააფრთხილა, რომ თუ კიბერთავდასხმები არ შეწყდებოდა, ამერიკა რუსეთს მკაცრად უპასუხებდა. მაშინ ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკას აქვს ძალა რუსეთს „იგივე ხერხებით უპასუხოს“

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG