ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი გადადგა. რამდენიმე დღის წინ კი თანამდებობა დატოვა მინისტრმა დევიდ დევისმა, რომელიც ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების საკითხებს ხელმძღვანელობდა. დევისმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მიდგომა ევროკავშირის დატოვების შესახებ "სახიფათო სტრატეგიაა".
გადადგომის შესახებ განცხადებაში, დევისმა თქვა, რომ ტერეზა მეის გეგმა ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმებების შესახებ ბრიტანეთს სუსტ პოზიციაში აყენებს და ეს ბრიტანეთის სუვერენიტეტის აღდგენას არა თუ უფრო რეალურს, არამედ პირიქით, უფრო ილუზიურს ხდის.
ტერეზა მეის მინისტრთა კაბინეტი ევროკავშირის დატოვების გეგმაზე პარასკევს შეთანხმდა. მთავრობის წევრთა ნაწილი ე.წ. "რბილ გასვლას" ემხრობოდა, რაც გულისხმობს ევრობლოკთან ეკონომიკური კავშირების შენარჩუნებას, ერთიან ბაზარზე დარჩენას. თუმცა დევისი და კაბინეტის ზოგიერთი სხვა წევრი ე.წ. "სრული ბრექსიტის" მომხრე იყო. დევისმა სამაუწყებლო კომპანია BBC-ისთვის დღეს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მეიმ მოლაპარაკებებისას "ძალიან ბევრი რამ ძალიან მარტივად დათმო".
Facebook Forum