ბრიტანეთის მოსახლეობის 60 %-ს მიაჩნია რომ ევროკავშირიდან გასვლის პროცესს და მის გამოწვევებს ხელისუფლება სათანადოდ ვერ უმკლავდება. საგულისხმო გაფრთხილებებს აქვეყნებს ინგლისის ბანკიც.
კვირის დასაწყისში გამოქვეყნებული მოსახლეობის აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, აპრილის შემდეგ, 17 %-ით მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ მთავრობა ბრექსიტის პროცესს სწორად წარმართვას ვერ ახერხებს.
ბრიტანეთის მთავრობის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც ლონდონის პოლიტიკურ ჟურნალში ანონიმური სტატია გამოაქვეყნა, წერს, რომ ბრიუსელის სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები წარმატებით ვერ წარიმართა და რომ ბრიტანეთის ხელისუფლებამ ამ მოლაპარაკებებს „არასპორტული თამაშის ტაქტიკა“ უწოდა.
ევროკავშირისა და ბრიტანეთის ოფიციალური წარმომადგენლები აღიარებენ, რომ ხანგრძლივ მოლაპარაკებებს ფონად სერიოზული უნდობლობა გასდევდა და ეს მათ წარმატებას ეჭვქვეშ აყენებს.
ბრიტანელი კანონმდებლები ამბობენ, რომ მათი ევროპელი პარტნიორები გასული წლის რეფერენდუმის შედეგების გამო შურისძიებას ცდილობენ. ეს უკანასკნელნი კი ამბობენ, რომ ბრიტანეთმა ამ "გაყრის" საფასური - 50 მილიარდი დოლარი უნდა გადაიხადოს ევროკავშირის სასარგებლოდ, თანაც ეს მანამ, სანამ ბრიუსელი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირიდან გასულ ბრიტანეთთან სავაჭრო ხელშეკრულების შესაძლებლობის შესახებ.
Facebook Forum