დღეს, ბრიტანეთმა, უკრაინისთვის გადასაცემი ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გააკეთა განცხადება. ინფორმაცია ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტის დროს გავრცელდა.
ახალი დახმარების პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და შორი რადიუსის მქონე დრონებს.
„დიდი ბრიტანეთი ლიდერია, როდესაც საქმე ეხება ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებას ხმელეთზე და ჰაერში“, - დაწერა ზელენსკიმ ტვიტერზე შეხვედრის წინ. „ეს თანამშრომლობა დღესაც გაგრძელდება. ჩემს მეგობარ რიშის შევხვდები. ჩვენ ჩავატარებთ არსებით მოლაპარაკებებს პირისპირ და დელეგაციებში“.
ორშაბათის მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრის ჩეკერსის რეზიდენციაში გაიმართა.
„ეს არის გადამწყვეტი მომენტი უკრაინის წინააღმდეგობაში ამ საშინელ ომში“, - თქვა რიში სუნაკმა განცხადებაში.
ლონდონში ვიზიტი ბოლო ევროპული გაჩერება იყო ზელენსკის დასავლურ ტურში. უკრაინის პრეზიდენტი მანამდე რომში, პარიზსა და ბერლინში იყო, სადაც ქვეყნის მეთაურებს შეხვდა.
უკრაინის დაგეგმილი კონტრეშეტევის წინ, საფრანგეთმა თქვა, რომ ქვეყანას ტანკებს და ჯავშანტრანსპორტიორებს მიაწვდის. გარდა ამისა, ის ჯარისკაცებს გაწვრთნის კიდევაც, რათა ქვეყანა კონტშრეტევას მომზადებული შეხვდეს.
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ოფისში განაცხადეს, რომ მაკრონის მთავრობა უზრუნველყოფს მსუბუქი ტანკებისა და ჯავშანტექნიკის "მომავალი კვირების განმავლობაში" უკრაინისთვის გადაცემას. გარდა ამისა, ისინი პირობას დებენ, რომ უკრაინას სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევენ იქამდე, ვიდრე ეს "საჭირო იქნება".