ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსის პრემიერ-მინისტრმა ცერემონიაზე ლუკაშენკო ჩაანაცვლა


ბელარუსის პრეზიდენტი, რომელიც სამშაბათის შემდეგ საჯარო სივრცეში არ გამოჩენილა, კვირას, ქვეყნის დედაქალაქ მინსკში ცერემონიას არ დაესწრო. ამან გააჩინა ვარაუდები, რომ ვეტერანი ლიდერი სერიოზულად ავადაა.

ბელარუსის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ყოველწლიურ ცერემონიაზე, რომლის დროსაც ახალგაზრდები ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის დროშისადმი ერთგულების ფიცს დებენ, ლუკაშენკოს მიმართვა პრემიერ-მინისტრმა რომან გოლოვჩენკომ წაიკითხა.

სააგენტოს არ დაუსახელებია ხუთი დღის განმავლობაში ლუკაშენკოს არ გამოჩენის მიზეზი მას შემდეგ, რაც მოსკოვში, მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნავი ღონისძიებების ნაწილები გამოტოვა.

ლუკაშენკო სიტყვით არც მინსკში გამართულ ღონისძიებაზე გამოვიდა, რაც მისი ხანგრძლივი პრეზიდენტობის განმავლობაში პირველად მოხდა. ის იყო ბოლო ღონისძიება, როდესაც ლუკაშენკო საჯაროდ გამოჩნდა.

ლუკაშენკოს ოფისმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

ოპოზიციური „ევრორადიოს“ თანახმად, ლუკაშენკო შაბათს მინსკის ელიტურ კლინიკაში გადაიყვანეს.

რუსულმა ინტერნეტ გამოცემა „პოდიუმმა“ მოახდინა რუსეთის დუმის მაღალი თანამდებობის პირის, კონსტანტინ ზატულინის ციტირება, რომელმაც თქვა „(ლუკაშენკო) უბრალოდ ავად გახდა... და ალბათ დასვენება სჭირდება.“

ლუკაშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, რუსულმა ყოველდღიურმა გამოცემა „კომერსანტმაც“ გამოაქვეყნა. რუსული მედია რუსეთის და მოკავშირე მეზობლების ლიდერების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამბებს იშვიათად აქვეყნებს.

XS
SM
MD
LG