ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის არჩევნებში მეორე ტურს ელიან


თურქეთის არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ორშაბათს გამოთქვა რწმენა, რომ მეორე ტურში ის გაიმარჯვებს, იგივეს აცხადებს მისი მთავარი ოპონენტი, ქემალ ქილიჯდაროღლუ.

ერდოღანმა, რომელიც 20 წელია ხელისუფლებაშია და ქვეყანას ყველაზე დიდიხანია მართავს, უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. თუმცა, კვირას გამართულ არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭირო 50%-იან ბარიერს ჩამორჩა.

ხმების 99,4%-ზე მეტი დათვლის შემდეგ, ერდოღანი ხმების 49,4%-ით ლიდერობს, ხოლო ქილიჯდაროღლუს ამომრჩევლის 45%-ის მხარდაჭერა აქვს.

არჩევნების მეორე ტური, საჭიროების შემთხვევაში, 28 მაისს გაიმართება.

64 მილიონზე მეტ ადამიანს, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს, ხმის მიცემის უფლება კვირა საღამომდე ჰქონდა. ხმა ამომრჩევლის თითქმის 89%-მა მისცა, წერს „ასოშიეთიდ პრესი“ .

ერდოღანიც და ქილიჯდაროღლუც აცხადებენ, რომ ეს ქვეყნის ისტორიაში გადამწყვეტი არჩევნებია.

40%-ზე მაღალი ინფლაციის და ცხოვრების ხარჯების უპრეცენდენტო ზრდის პირობებში, ეკონომიკა ამომრჩეველთა უმეტესობისთვის ყველაზე კრიტიკულ საკითხად განიხილებოდა.

ერდოღანმა დროთა განმავლობაში, ქვეყნის კონსტიტუცია შეცვალა და უფრო მეტი ძალაუფლება პრეზიდენტის ინსტიტუტს გადასცა.

კრიტიკოსები ცენტრალიზებულ ძალაუფლებას ადანაშაულებენ თებერვლის მიწისძვრაზე პასუხში, რომლებმაც 50 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ერდოღანის მთავრობამ სწრაფად ვერ მოახდინა რეაგირება.

თუმცა, ქილიჯდაროღლუ პირობას დებს, რომ თურქეთი საპარლამენტო დემოკრატიას დაუბრუნდება.

თავის ბოლო წინასაარჩევნო გამოსვლაში პარასკევს, ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაადანაშაულა არჩევნების გზით მისი ხელისუფლებიდან ჩამოგდების მცდელობაში.

ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ის არ უჭერს მხარს არცერთ მხარეს ამ არჩევნებში.

ურთიერთობები თურქეთსა და მის ტრადიციულ დასავლელ მოკავშირეებს შორის ბოლო წლებში დაიძაბა, მოსკოვთან ანკარას კავშირების გაღრმავებისა და დემოკრატიის უკუსვლის გარშემო არსებული შეშფოთების გამო.

ქილიჯდაროღლუ თურქეთის დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობის გადატვირთვის პირობას დებს.

XS
SM
MD
LG