ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა უნდა ვიცოდეთ თურქეთის მომავალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შესახებ 


14 მაისს, თურქეთის მოქალაქეები პარლამენტის წევრების ვინაობას და ასევე იმას გადაწყვეტენ, თუ ვინ იქნება ქვეყნის პრეზიდენტი მომავალი 5 წლის განმავლობაში.

ექსპერტები როგორც დასავლეთში, ისე თურქეთში მომავალ არჩევნებს თურქეთისა და რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესს უწოდებენ. ეს ასევე მნიშვნელოვანი და გამოწვევებით სავსე იქნება თავად თურქეთის პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდოღანისთვისაც.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას 4 კანდიდატი იღებს. ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს სამი ოპოზიციური კანდიდატი უპირისპირდება, თუმცა ამ სამიდან, ადგილობრივი გამოკითხვების მიხედვით, შანსი მხოლოდ ერთს, ქემალ ქილიჩდაროღლუს აქვს. მიმდინარე წელს სხვადასხვა დროს ჩატარებული გამოკითხვებით, ოპოზიციის ლიდერი და პრეზიდენტი მონაცვლეობით ლიდერობენ. მიმომხილველები თანხმდებიან, რომ მათი მხარდამჭერების რიცხვი თითქმის ერთნაირია და სხვაობა ხმების პროცენტულ მაჩვენებელს შორის, არჩევნების დღეს, ძალიან მცირე იქნება.

თურქეთის ოპოზიციური კოალიციის ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ
თურქეთის ოპოზიციური კოალიციის ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ

ქემალ ქილიჩდაროღლუ “ხალხთა რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერია, თუმცა ის 6 პარტიისგან შემდგარი ოპოზიციური პარტიების კოალიციის ხელმძღვანელის სახელით იღებს არჩევნებში მონაწილეობას. მის გარდა, შედარებით მცირე პოპულარობის მქონე მუჰარემ ინჯე და სინან ოღანიც შეეცდებიან თურქეთის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას. თუმცა, გამოკითხვები აჩვენებს, რომ მათ დანარჩენ ორ კანდიდატთან შედარებით შანსები თითქმის არ აქვთ.

თურქეთის კანონმდებლობის მიხედვით, თუ არჩევნების პირველ რაუნდში საპრეზიდენტო კანდიდატმა ხმების 50 პროცენტს +1 ხმა ვერ მიიღო, ორ კვირაში ქვეყანაში არჩევნების მეორე ტური უნდა დაინიშნოს. მეორე ტურში იმარჯვებს კანდიდატი, რომელსაც უფრო მეტი ადამიანი მისცემს ხმას. პრეზიდენტი ქვეყანას 5-წლიანი ვადით მართავს. იმისთვის, რომ კანდიდატს არჩვენებში მონაწილეობის უფლება ჰქონდეს, ის დიდი ეროვნული ასამბლეის წევრი უნდა იყოს და ასამბლეის, მინიმუმ, 20 წევრის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. გარდა ამისა, აუცილებელი მოთხოვნაა, რომ კანდიდატი 40, ან მეტი წლის იყოს და მიღებული ჰქონდეს უმაღლესი განათლება. თურქეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, რის საფუძველზეც პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტი ნიშნავს.

საკუთარი პარტიის - სამართლიანობისა და განვითარების პარტიის

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი საარჩევნო კამპანიისას
თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი საარჩევნო კამპანიისას

წესდების თანახმად, რომელიც ერდოღანმა 2001 წელს დააარსა, მას მეოთხე ვადით პრემიერად მსახური აღარ შეეძლო. ის 2014 წელს უკვე თურქეთის პრეზიდენტი გახდა. 2018 წელს კი ნაადრევ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და თურქეთის ისტორიაში პირველი პირდაპირი გზით არჩეული პრეზიდენტი გახდა. 2018 წელს ნაადრევ არჩევნებში ერდოღანმა პირველივე ტურში გაიმარჯვა, რის შემდეგაც ქვეყნის კონსტიტუცია შეცვალა, რომ პრეზიდენტს უფლებამოსილებები გაეზარდა, პრემიერის პოსტი კი გაუქმდა. 2018 წლიდან თურქეთი საპარლამენტოდან, საპრეზიდენტო წყობილებაზე გადავიდა.

თურქეთის ერთპალატიან პარლამენტს, დიდ ეროვნულ ასამბლეას უწოდებენ. ის 577 წევრისგან შედგება, პარლამენტის წევრების მოსახლეობა 4-წლიანი ვადით ირჩევს იმისთვის, რომ პარლამენტში მოხვდნენ, პარტიებმა მინიმალური ზღვარი უნდა გადალახონ, რაც თურქეთის შემთხვევაში 10 პროცენტია.

არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია თურქეთის ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. არჩევნების პირველად შედეგებს თურქეთის საარჩევნო კომისია, ხმების დათვლიდან რამდენიმე საათში აცხადებს.

ერდოღანი, რომელიც თანამედროვე თურქეთის ისტორიაში ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში მართავს ქვეყანას, ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას. ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო მწვავდება, რაც სხვა მიმართულებებთან ერთად, ინფლაციაშიც გამოიხატა. სააგენტო „როიტერი“ ეკონომისტების შეფასებებზე დაყრდნობით წერს, რომ ერდოღანის მოწოდებებმა საპროცენტო განაკვეთის რეკორდულად შემცირების შესახებ ინფლაცია 85%-მდე აწია, რაც გასული 24 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია. თურქული ლირის ღირებულება კი ბოლო ათწლეულის განმავლობაში დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად დაეცა და წინასაარჩევნოდ, 1 დოლარი თითქმის 20 ლირის ექვივალენტი გახდა.

თურქეთის მიწისძვრის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქალაქი, ანტიოქია
თურქეთის მიწისძვრის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქალაქი, ანტიოქია

ეკონომიკური სიტუაციის გარდა, ერდოღანისა და მისი მთავრობისთვის, არჩევნებში უდიდესი გამოწვევაა მიწისძვრა, რომელიც 6 თებერვალს მოხდა. 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, რომელიც ქვეყნის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში მოხდა, მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა, ქალაქები მიწასთან გაასწორა და დაახლოებით, 50,000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ის, თუ როგორ უმკლავდებოდა ერდოღანის მთავრობა მიწისძვრის შედეგებს და რამდენად ეფექტურად გაართვა მან თავი, ასევე აისახება არჩევნების შედეგებზე.

ერდოღანისთვის არჩევნებში კიდევ ერთი გამოწვევა იმ თაობის ამომრჩევლების გულის მოგება იქნება, რომლებიც ხმას პირველად აძლევენ. 6 მილიონზე მეტი თურქი ახალგაზრდა, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე, პირველად დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს. ჯენ-ზის თაობა, თურქეთის ელექტორატის, დაახლოებით, 10 პროცენტს შეადგენს. თურქეთში ამბობენ, რომ ახალგაზრდების ამ ნაწილს შეუძლია არჩევნების სასწორი ერთი, ან მეორე კანდიდატის მხარეს გადახაროს. გამოკითხვების მიხედვით კი, ამ თაობაში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ნაკლებად პოპულარულია.

საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, გადაწყვეტს, როგორც ქვეყნის საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკას და ეკონომიკურ კურსს. ერდოღანი, ცდილობს, რომ რეგიონში ქვეყნის გავლენები გააძლიეროს, პარალელურად კი ნატოსთან და დასავლეთთან კავშირებს ამცირებს.

ერდოღანის კრიტიკოსები ამბობენ, რომ მისმა მთავრობამ საზოგადოებაში პოლარიზაცია გააღრმავა. მის ადმინისტრაციას ასევე ადანაშაულებენ ადამიანის უფლებების დარღვევაში და სასამართლო სისტემაზე გავლენის დამყარებაში . ერდოღანის მთავრობის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ერდოღანი მუდმივად იცავს მოქალაქეებს ქვეყანაში არსებული საფრთხეებისგან. ამის ერთ-ერთ მაგალითად ისინი 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობას ასახელებენ.

ერდოღანის მთავარი ოპონენტი ქილიჩდაროღლუს ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა, რომ თურქეთს F-35-ების პროგრამაში დააბრუნებს, რომელიც ქვეყანას რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების, S-400-ების შესყიდვების გამო დაატოვებინეს. 2019 წელს, ამერიკამ თურქეთს F-35 საბრძოლო მოიერიშეების პროგრამა დაატოვებინა. თურქეთი ერთ-ერთი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომელიც მსოფლიოში ამ დროისთვის არსებულ ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული საბრძოლო მოერიშის შეძენაზე მუშაობდა, თუმცა რუსული თავდაცვითი სისტემების შესყიდვის შემდეგ, პენტაგონმა განაცხადა, რომ ამერიკული F35-ებისა და რუსული S-400-ების ერთად ფლობა შეუძლებელია და თურქეთს პროგრამა დაატოვებინა.

XS
SM
MD
LG