ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეი საუდელ პრინცს ჟურნალისტის მკვლელობაზე დაელაპარაკება


ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის განცხადებით, ის საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრესთან დისიდენტი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე საუბარს გეგმავს. ტერეზა მეი და პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი არგენტინაში დიდი ოცეულის სამიტზე შეხვდებიან ერთმანეთს.

ბუენოს აირესისკენ მიმავალმა მეიმ, თვითმფრინავში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობას სურს იხილოს „სრული და გამჭვირვალე“ გამოძიება იმისა, თუ რა გარემოებებში მოხდა ჟურნალისტის მკვლელობა. მან ასევე დასძინა, რომ დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.

საუდის არაბეთის მოქალაქე, ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი, რომელიც თავს შეერთებულ შტატებს აფარებდა და გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ თანამშრომელი იყო, სტამბოლში სამეფოს საკონსულოში მოკლეს. დასავლეთის ბევრი ქვეყანა და თურქეთი დისიდენტის მკვლელობაში საუდის არაბეთის მთავრობას, კერძოდ კი, ტახტის მემკვიდრეს ადანაშაულებენ და მას მკვლელობის შეკვეთის ბრალდებას უყენებენ. სალმანი ბრალს უარყოფს და ამბობს, რომ ხაშოგი მთავრობის კონტროლს მიღმა მყოფმა აგენტებმა მოკლეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG