ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი: ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის ზღვარზეა


ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ყველა ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის ზღვარზეა. მიუხედავად ამისა, ბლინკენი მტკიცედ უსვამს ხაზს, რომ ვაშინგტონი ბოლო წუთამდე, ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, რათა ეცადოს, რომ დიპლომატიის გზით შეაკაოს რუსეთი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თხოვა დასავლეთს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება დაიწყოს. თუმცა, ტელეკომპანია CNN-თან საუბრის დროს, ბლინკენმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამერიკის პოზიციაა არ დაუწესონ სანქციები რუსეთს უკრაინაში შეჭრამდე. ბლინკენი თვლის, რომ სანქციები ამ შემთხვევაში ძალას დაკარგავენ.

"ყველაფერი რასაც ახლა ვხედავთ, მიანიშნებს, რომ ეს [სიტუაცია] ძალინ სერიოზულია და [რუსეთის მხრიდან უკრაინაში] შეჭრის ზღვარზე ვართ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რაც შეგვიძლია, რომ ეს არ მოხდეს",- თქვა ბლინკენმა. მისივე თქმით, დასავლეთი მზადაა იმ სცენარისთვისაც, თუ მოსკოვი უკრაინაში შეიჭრება.

"იქამდე, ვიდრე ტანკები მართლაც იმოძრავებენ და თვითმფრინავები ფრენას დაიწყებენ, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას და ყველა წუთს, რათა ვნახოთ შეძლებს თუ არა დიპლომატია კვლავ შეაჩეროს პრეზიდენტი [ვლადიმირ] პუტინი [ესკალაციის] გაგრძელებისგან“, - თქვა ბლინკენმა.

ბლინკენმა განმარტა, რომ მისი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა მომდევნო კვირაში კვლავ დადგეგმილია. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.

სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ ამერიკის პრეზიდენტის მხრიდანაც სრული მზაობა არსებობს, რომ ჩაერთოს პუტინთან საუბარში "ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში, რათა თავიდან ავიცილოთ ომი".

დასავლეთის ინფორმაციით, რუსეთს უკრაინის საზღვართან 150,000 სამხედრო ჰყავს განლაგებული. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის, ამერიკისა და სხვა დასავლური ქვეყნების პრეზიდენტები და მაღალი დონის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სამხედროების ასეთი განლაგება რუსეთის მხრიდან უკრიანაში ომის დაწყებაზე მიანიშნებს, კრემლი ამ ბრალდებებს უარყოფს. ოფიციალური მოსკოვი ამტკიცებს, რომ ჯარისკაცები იქ მხოლოდ წვრთნების მიზნით იმყოფებიან.

XS
SM
MD
LG